16 თებერვალი 2018
ჩანახატი

საქართველო ნარკოპოლიტიკის ძიებაში

ავტორი: რეჟის ჟენტე/Regis Gente / წყარო: En Géorgie, les errements de la guerre antidrogue
ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
 
მოქმედება საქართველოს ყოფილი პარლამენტის კიბეებთან, თბილისის ცენტრში ხდება. ამ შენობის უზარმაზარი, ყავისფერი გრანიტით შემოსილი სვეტები 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მომხდარი ყოველი პოლიტიკური ორთაბრძოლის ნაცნობი დეკორაციაა. იანვრის ბოლოს, მწუხრისჟამს, ამ სცენაზე შოთა დიღმელაშვილს ვხვდებით. მოკლედ წვერმოშვებული და სიგარეტით ხელში, ხმაში სიბრაზით, შოთა გვეუბნება: „უნდა გავათავისუფლოთ გიორგი გიორგანაშვილი, უნდა დავასრულოთ ეს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა". ახალგაზრდა მწერალი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისათვის იბრძვის. გუშინწინ, მის თანამებრძოლს, ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ზედმეტსახელ „ბახალათი" იცნობენ, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სოციალური მედიით გადაძახილზე შეკრებილები მომცრო მიტინგზე უსტვენენ და გამომსვლელებს ტაშს უკრავენ. „რისთვის უსჯიან რვა წელს? ვითომდა 0.37 გრამი სუბოტექსის ქონისთვის? ხელისუფლება ადამიანის ცხოვრებას არაფრის გულისთვის ანგრევს," ამბობს ახალგაზრდა სტუდენტი სახელად ეკა, რომლებიც საყურეებითა და სვირინგებით მორთულ მეგობრების შორის დგას. აკრძალულ სიაში 267 ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებაა, რომელთა ქონაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. „ხშირად ეს სასჯელი შპრიცის ძირში დარჩენილ წვეთებს ეყდნობა," გმობს სახელმწიფოს მიდგომას პაატა საბელაშვილი „თეთრი ხმაურის მოძრაობიდან", რომელიც იმ 42 ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, რომელთა გაერთიანებულმა პლატფორმამაც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი მოამზადა. პარლამენტი მას უახლოეს ხანში განიხილავს.

შეკრებილებს შორისაა ტოქსიკომანიის სპეციალისტი, ექიმი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც პესიმიზმით გვესაუბრება ელექტრონული მუსიკის ფონზე, რომლის აღმავალ რიტმსაც ბევრი აქვს საერთო ამ მოძრაობასთან - კონსერვატიულ საზოგადოებაში ის ცდილობს დაიმკვიდროს თავი ჯერ თითქმის შეუმჩნევლად, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო დაჟინებით. „არა მგონია რომ ამ კანონს მიიღებენ. ან თუ მას მიიღებენ, რეალურად არაფერი შეიცვლება. ხელისუფლება პრინციპში აღიარებს, რომ უნდა არსებობდეს ნივთიერებების მინიმალური რაოდენობა, რომლის ქონაც არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მაგრამ მათ სურთ ეს მაჩვენებლები იმდენად დაბალი იყოს, იმდენად უმნიშვნელო იმ რაოდენობასთან შედარებით, რასაც ტოქსიკომანები ერთ დოზად იღებენ, რომ რეალურად მათ მიერ მიღებული ‘ცვლილება’ უბრალოდ გააგრძელებს სააკაშვილის დროინდელ ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ პოლიტიკას, რომლის შედეგებიც სრულიად გამანადგურებელი აღმოჩნდა."

„ნულოვან ტოლერანტობაზე" საუბრისას ექიმი სიხარულიძეპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (2004-2013) მმართველობის დროს განხორციელებულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელმაც პატიმრების რიცხვი 7-დან 23 600-მდე გაზარდა. ჰეროინი საქართველოს ტერიტორიიდან პრაქტიკულად გაქრა, სამაგიეროდ ტოქსიკომანებმა სახლში, აფთიაქში ნაყიდი კომპონენტებისაგან მომზადებული ნარკოტიკების „კრაკადილისა" და „ვინტის" გამოყენებაზე გადაინაცვლეს, ჯანმრთელობისთვის სრულიად გამანადგურებელი შედეგებით. გადავსებული ციხეების გასაკონტროლებლად ხელისუფლება ძალადობასაც მიმართავდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ციხეში ამგვარი ძალადობის და წამების მაჩვენებელი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რითაც სააკაშვილის პარტიის დამარცხება უზრუნველყო.

„ახლანდელმა ხელისუფლებამ თავისი ლეგიტიმურობა პატიმრებთან მოპყრობის თემის გარშემო ააგო. თუმცა სინამდვილეში, ნარკოტიკებთან დაკავშირებით ის ძველ პოლიტიკას აგრძელებს. მაგალითად, შარდის ანალიზები ავიღოთ, რომლებსაც ადამიანებს უაღრესად ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით სთხოვენ," ამტკიცებს პაატა საბელაშვილი მებრძოლი აქტივისტისთვის დამახასიათებელი მკაცრი და ზუსტი ტონით. პატიმრების რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეისათვის 9 ათასს შეადგენს, რაც ნაწილობრივ საკანონმდებლო ცვლილებების, ნაწილობრივ კი პოლიციის მხრიდან დანაშაულზე თვალების დახუჭვის ფასად მოხდა. პატიმრების მესამედი სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებასთან ან გასაღებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდის.

იმავე დღეს, უფრო ადრე, პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს ვესაუბრეთ, რომელიც დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის წინააღმდეგია: „ჩვენი საზოგადოება იმდენად მყიფეა, დემოგრაფიული სურათი იმდენად მძიმე, უმუშევრობა იმდენად მაღალი, რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ხმას მივცემთ რამეს. იმაზე ადვილი არაფერია, რომ ვთქვათ „ყველაფერი დეკრიმინალიზებულია". პლატფორმის წევრ არასამთავრობოებს 400 მილიგრამის ქვემოთ უნდათ ჰეროინის დეკრიმინალიზება. ჩემი აზრით - 200 მილიგრამის ქვემოთ უნდა იყოს. ჩემი პარტიის სამი მეოთხედი იმავე აზრზეა."

საღამოს აქციაზე დეპუტატის ამ პოზიციას დავით ოტიაშვილს ვუზიარებთ, რომელიც კვლევით ცენტრ „ალტერნატიულ საქართველოს" წარმოადგენს. ოტიაშვილი „შეგვახსენებს", რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად დღეისათვის 50 ათასი თანამოქალაქე იკეთებს ნარკოტიკებს ინტრავენულად, ხოლო ნარკოტიკების მოხმარების დონით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა.

„ჩვენ, არასამთავრობოების პლატფორმა, მხოლოდ დეკრიმინალიზაციას არ მოვითხოვთ. ჩვენი მიზანი უფრო ფართო პოლიტიკის შემუშავებაა, რაც პრევენციულ ზომებსა და ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაციასაც მოიცავს. როგორც ჩანს, როგორც საზოგადოება ვერაფერს ვსწავლობთ: [ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ] ცრურწმენები კვლავაც ძლიერია, ისევე, როგორც 90-იანი წლების მწარე გამოცდილება, როცა უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკების ზედოზირებით, " ამბობს ოტიაშვილი.

ყველაფრის მიუხედავად, დეკრიმინალიზაციის თემაზე საზოგადოებრივი დისკუსია აქტიურდება. „თეთრი ხმაურის" ტიპის მოძრაობები აქტიური საზოგადოების უმცირეს ნაწილს მოიცავს, მაგრამ მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა თანმიმდევრული მოქმედებით და შემოქმედებითი ხერხებით. ისინი ნარკოტიკების მომხმარებლების მდუმარე უმრავლესობის სახელით ლაპარაკობენ, რომელთაც პოლიცია თრგუნავს", ადასტურებს ექიმი სიხარულიძე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ქართველების 57% ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის მისჯის წინააღმდეგია.

პოლიტიკური და სასულიერო ხელისუფლება წინააღმდეგობრივ პოზიციებს გამოთქვამენ. მართლმადიებელი ეკლესია, რომელიც ნარკომანებს უკომპლექსოდ უწოდებს „საზოგადოების სირცხვილს" ამ ბოლო დროს თითქოს მოწყალებისკენ გადაიხარა. 6 იანვარს, საკმეველით და მოოქვრილი მიტრებით გაჯერებულ ატმოსფეროში, ტრადიციული საშობაო ეპისტოლეს მკითხველმა არქიდიაკონმა დემეტრემ ყველა გააკვირვა, როცა აღმოჩნდა, რომ წელს ეს ტექსტი [ნარკომანიის] „მძიმე სენს" მიეძღვნა. „უნდა შევიმუშავოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს", ამბობდა არქიდიაკონი თავისი ღრმა და მონოტონური ბანით. თუმცა, ორი დღის შემდეგ სხვა სასულიერო იერარქებმა საპირისპირო პოზიცია დაიკავეს და კანონპროექტის წინააღმდეგ მანიფესტაციის ორგანიზებითაც კი დაიმუქრნენ.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.