16 იანვარი 2017
ჩანახატი

რატომ არ ვენდობით გამოკითხვებს?

ავტორი: ნათია მესტვირიშვილი/CRRC / წყარო:
საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას ხშირად თან ახლავს მწვავე დებატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვლევა პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. ეს დებატები ზოგჯერ იმდენად კრიტიკულია, რომ მსმენელს კვლევის შედეგების უარყოფისკენ უბიძგებს.

ზოგადად, კვლევის კრიტიკა მიმართული უნდა იყოს კვლევის პროცესზე და უნდა ეხმარებოდეს მკვლევრებს, უკეთ აკეთონ თავისი საქმე. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში კრიტიკა ხშირად არაკონსტრუქციული და არაპროდუქტიულია. ის კრიტიკოსთა მხრიდან კვლევის შედეგების არმოწონებას და მიუღებლობას უფრო ასახავს, ვიდრე კვლევის პროცესის ხარვეზებს.

კვლევის კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა კვლევითი ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და, ზოგადად, ქვეყანაში „კვლევის კულტურის" განვითარებისთვის. ხშირად მასობრივი გამოკითხვის კრიტიკას საქართველოში საფუძვლად უდევს განსხვავება გამოკითხვის შედეგებსა და კრიტიკოსთა მოსაზრებებს შორის. სწორედ ამიტომ ხშირად გვესმის, რომ გამოკითხვის შედეგები რეალობას (უფრო ზუსტად - კრიტიკოსების მიერ აღქმულ რეალობას) არ შეესაბამება.

უნდა ასახავდეს კი გამოკითხვის შედეგები რეალობას? უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

აზრის გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის მოსაზრებებს, რომლებსაც არც თუ ისე იშვიათად რეალობის დამახინჯებული აღქმა უდევს საფუძვლად და რომლებსაც რესპონდენტები ინტერვიუერებს, მათთვის სრულიად უცხო ადამიანებს, თავისუფლად უზიარებენ.

შესაბამისად, რომ დავივიწყოთ ფილოსოფიური დისკუსია იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა და საერთოდ არსებობს თუ არა ის, ერთი რამ ნათელია - გამოკითხვის შედეგები ასახავსმოსახლეობის წარმოდგენებს და არა რეალობას.

ბევრ სხვა დაშვებას შორის, რომელიც საქართველოში მასობრივი გამოკითხვის კრიტიკისას კეთდება, ყველაზე ხშირია შემდეგი ორი დაშვება:

1.კრიტიკოსმა ყველაზე უკეთ იცის, თუ რას ფიქრობს ხალხი;

2.ის, რასაც მის გარშემო მყოფი ხალხი ფიქრობს, განზოგადებადია საქართველოს მთელს მოსახლეობაზე.

ორივე ეს დაშვება მცდარია, რადგან სინამდვილეში:

1.მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს კარგად იცნობს, ეს ასე არ არის. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ფართოდაა გავრცელებულ ილუზია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ იმაზე უკეთ ვიცნობთ და გვესმის ადამიანების, ვიდრე ეს სინამდვილეშია - მაშინაც კი, თუ ეს ჩვენი ოჯახის წევრები ან უახლოესი მეგობრები არიან.

2.დიდია ალბათობა, რომ ჩვენს სოციალურ წრეში მყოფი ადამიანები მართლაც ჩვენს მსგავსად ფიქრობდნენ ამა თუ იმ საკითხზე, რადგან ჩვენ მიდრეკილნი ვართ, საურთიერთოდ ავარჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ და ჩვენს აზრებს იზიარებენ. შესაბამისად, უფრო ხშირად გვესმის არა ჩვენი მოსაზრების საწინააღმდეგო, არამედ მისი მსგავსი მოსაზრებები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს რწმენას იმის შესახებ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენს მსგავსად ფიქრობს.

3.იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი სოციალური წრე ძალიან მრავალფეროვანია, ის მაინც ვერ ასახავს მოსახლეობის მთელ მრავალფეროვნებას, ანუ ვერ იქნება წარმომადგენლობითი. გარდა ამისა, ინდივიდუალური გამოკითხვა (თუ მოსაზრებების გაგება) ვერ მოგვცემს სწორ სურათს იმის შესახებ, თუ როგორც ნაწილდება მოსაზრებები საქართველოს მთელს მოსახლეობაში.

დაშვება, რომ ის, რაც ჩვენს გარშემო გვესმის, განზოგადებადია ქვეყნის მოსახლეობაზე, ძალიან გავს რომელიმე, მაგალითად, გლობალური თავისუფლების ინდექსის რუკაზე ერთი ქვეყნის, მაგალითად, კანადის გადიდებას და დაშვებას, რომ რადგან კანადა მწვანე ანუ „თავისუფალია", მთელი მსოფლიო მწვანეა.

სინამდვილეში, თუ მთლიან რუკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიო სულაც არაა მწვანე - ის ძალიან მრავალფეროვანია, მწვანეს კი სხვა ფერები სჭარბობს. ერთი ქვეყანა, რაც უნდა დიდი იყოს ის, სულაც არ ქმნის წარმოდგენას მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ.

წყარო: www.freedomhouse.org

მსგავსი ტიპის შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის, რასაც მათ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ (უფრო სწორად, რასაც მათი აზრით, მათ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ) საქართველოს მოსახლეობის აზრს წარმოადგენს.

ობიექტური და კონსტრუქციული კრიტიკის ნაცვლად, რომელიც პროფესიონალურ ცოდნას ემყარება, საქართველოში გამოკითხვებს ხშირად ემოციების დაპერსონალური მოსაზრებების საფუძველზე აკრიტიკებენ. სამწუხაროდ, ის, რაც ასეთ დისკუსიებს ყველაზე მეტად აკლია, სწორედ პროფესიონალიზმია.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკოსები ერთსა და იმავე გამოკითხვის შედეგებს ხან დადებით კონტექსტში ახსენებენ, ხან - უარყოფითში იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ ერთი გამოკითხვის სხვადასხვა საკითხზე მიღებული შედეგები. მაგალითად, რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო პროგრამისა თუ წამოწყების დადებითი შეფასება სიამაყით მოიხსენიება ხოლმე საჯარო მოხელეების მხრიდან, ისე, რომ კვლევის ხარისხში ეჭვი არავის შეაქვს. თუმცა, თუ იგივე გამოკითხვის შედეგები რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიის შემცირებულ რეიტინგზე მიუთითებს, მაშინვე იწყება კვლევის მეთოდოლოგიის, ან უფრო მეტიც, კვლევითი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა.

ყოველივე ამის ფონზე, სასურველია, რომ საქართველოში კვლევის კრიტიკა უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული კვლევის პროცესსა და მის გაუმჯობესებაზე და ნაკლებად - კვლევის შედეგებისა და, ზოგადად, კვლევის მნიშვნელობის უარყოფაზე.

ჟურნალისტების, მკვლევრებისა და პოლიტიკოსების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ ჯანსაღ დისკუსიას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თემაზე და ემოციური მესიჯების ნაცვლად, რომელიც ძირითადად კვლევისადმი და კვლევითი ორგანიზაციებისადმი ნდობის შემცირებას ემსახურება, რაციონალურად განიხილონ კვლევის პროცესი და მისი შეზღუდვები, კვლევის შედეგები და მათი მნიშვნელობა და, სადაც შესაძლებელია, მიუთითონ მასობრივი გამოკითხვის ხარისხის გაუმჯობესების გზები.

გამოკითხვის კრიტიკოსები, რომლებიც „გაურკვეველ" ან „არასწორ" მეთოდოლოგიაზე საუბრობენ, უფრო დამაჯერებელნი გახდებიან, თუ თავიანთ გამოსვლებში თუ საჯარო დისკუსიებში დააზუსტებენ კვლევის იმ ასპექტებს, რომლებიც მას „გაურკვეველს" ან „არასწორს" ხდის. კვლევითი ორგანიზაციები, ვფიქრობ, მხოლოდ მიესალმებიან ისეთ კრიტიკას, რომელიც კონკრეტულ კითხვებს სვამს და ამით კვლევის პროცესს აუმჯობესებს. ასეთი კითხვები შეიძლება, იყოს, მაგალითად: იძლევა თუ არა შერჩევის დიზაინი განზოგადების საშუალებას? იყო თუ არა თავიდან არიდებული მიმანიშნებელი კითხვები? როგორ ხდება ხარისხის კონტროლი საველე სამუშაოების მიმდინარეობისას? და ა.შ.

ის ფაქტი, რომ მასობრივი გამოკითხვის კრიტიკა საქართველოში ხშირად არასწორ დაშვებებს ეფუძნება და კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესებაზე არაა მიმართული, საშიშროებას ქმნის, რომ საზოგადოებაში გაჩნდება არაინფორმირებული სკეპტიციზმი მასობრივი გამოკითხვებისა და ზოგადად კვლევის შედეგების მიმართ.
 
ამის თავიდან ასაცილებლად კი მნიშვნელოვანია, გაჩნდეს მასობრივი გამოკითხვების კონსტრუქციული, პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული კრიტიკა, რომელიც გააუმჯობესებს კვლევის ხარისხს და ხელს შეუწყობს ხალხის აზრისა და საჭიროებების სწორად მიტანას პოლიტიკოსებამდე საჯარო პოლიტიკის ინფორმირებულად დაგეგმვისთვის.
 
ნათია მესტვირიშვილი მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მკვლევარია, წარსულში კი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის უფროსი მკვლევარი იყო.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.