29 აპრილი 2016
ჩანახატი

სიდინჯის ქება

ავტორი: ლეონიდას დონსკისი /
ჩვენ ნაჩქარევ, ზედმეტად სწრაფ ეპოქაში ვცხოვრობთ. არაფრისთვის დრო არა გვაქვს. მუდმივი გადარბენა. ბევრი საქმის ერთდროულად კეთება. დრო არ გვყოფნის საკუთარი თავისთვის, საყვარელი მეგობრებისთვის, წიგნებისთვის, ცხოვრების პატარა სიამოვნებებისათვის.
 
ჩვენს თვალწინ იკარგება შაბათ-კვირა: როგორც იდეა და როგორც ჩვეულება. კვირის ბოლოს ერთ სანერვიულოს და დამღლელ საქმეს მეორეთი ვცვლით: სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები სწორედ ამ დღეებში იმართება.

არაა გასაკვირი, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანტიგლობალისტური მოძრაობა დღევანდელ ევროპაში, კერძების ნელა მზადების ინტერნაციონალია.

ამ სისწრაფეს თანა სდევს სწრაფი და ავტომატური მომხმარებლობა - მათ შორის შემოქმედების შთანთქმაც.

ვკითხულობთ - სწრაფად.

ვწერთ - ნაჩქარევად.

ვლაპარაკობთ - დაუფიქრებლად (დინჯად რომ ვისაუბროთ, მაყურებელი ტელევიზორს გამორთავს).

მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთანაც კი, ურთიერთობა ტყვიამფრქვევის რიტმშია.

ამავე დროს ბევრი რამე უფასურდება, ღირებულებას კარგავს: ფული, იდეები, სიტყვები, ფიცი-მტკიცი და რეკომენდაციებიც კი. იყო დრო, სარეკომენდაციო წერილებს იშვიათად და ყურადღებით ვწერდით, საკუთარ რეპუტაციას ვუფრთხილდებოდით. დღეს რეკომენდაციებს ცხელი ფუნთუშებივით ვარიგებთ.

სამეცნიერო ნაშრომების ღირებულება იკლებს: მათი ხარისხი და შინაარსი ბევრად უფრო უმნიშვნელოა, ვიდრე ოდესღაც. მათ არც აღარავინ კითხულობს - უბრალოდ გამოქვეყნებული სტატიების სტატისტიკას ითვლიან. ჩვენს თვალწინ არქიტექტურა და ხელოვნება უფასურდება, მაშინ როდესაც მათი ფულში გამოხატული ფასი ფინანსური სპეკულაციის გამო იზრდება.

ჩვენს უნივერსიტეტებში, სამეცნიერო ნაშრომებს გულწრფელად ვუძახით „პროდუქციას". მეცნიერების ეფექტურობა იმავე საზომით იზომება, რომლითაც საბჭოთა კოლმეურნებებისთვის წითელი დროშის გადაცემა წყდებოდა - ნაწარმის რაოდენობით.

ახლა მთელს მსოფლიოში ასეა. ევროპაში სხვაგვარად იყო ხოლმე - სერიოზულ აკადემიურ გამოცემაში ორიოდე კარგი ნაშრომი საკმარისი იყო უნივერსიტეტში პოსტის მოსაპოვებლად.

დღეს ყველაფერი პუბლიკაციების რაოდენობით, ასო-ნიშნების ოდენობით ფასდება და არა შინაარსით, იდეების სიახლითა და საერთაშორისო რეპუტაციით.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ისეთი მოაზროვნეები, როგორიც ოტო ვეინინგერი ( Otto Weininger ) ან ლუდვიგ ვიტგენშტეინი ( Ludwig Wittgenstein ) ევროპის ინტელექტუალურ ცხოვრებას ერთი წიგნით ცვლიდნენ. დღეს მათ უნივერსიტეტში სამსახურის ღირსადაც არავინ ჩათვლიდა - არც ლიტვაში და არც ევროპის სხვა ქვეყნებში. მათ ფრიად არაპროდუქტიულ ადამიანებად ჩათვლიდნენ - ცოტას წერდნენ და ნელა.

რბოლა

ლიტვაშიც და მის მსგავს ქვეყნებში გლობალიზაციის სისწრაფე კარგად იგრძნობა. ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა ჰელსინკის უნივერსიტეტიდან, რომელიც ახლა რიგაში, ლატვიაში სადოქტორო ნაშრომს წერს, ერთხელ მითხრა, ფინეთში ცხოვრება ზარმაცი კვირა დილასავითაა, ბალტიის ქვეყნებში კი - მუდამ ორშაბათ დილის პიკის საათიაო.

როცა ფინიშის ხაზს გადავკვეთ, ერთმანეთს ვულოცავთ რბოლის დასრულებას. გულწრფელად გვჯერა, რომ ცხოვრების არსი სასტარტო ნერვიულობა და ფინიშით აღტაცებაა. კი, მაგრამ, რატომ შემოვფარგლოთ ჩვენი ცხოვრება უაზრო რბოლით?

იქნებ ყველაფერი პირიქითაა?

იქნებ ყველაზე ღირებული ისაა, რასაც რბოლის დროს ვერ ვამჩნევთ - ბუნებას, შთაბეჭდილებებს, სახეებსა და მზერას?

იქნებ დავფიქრდეთ, ღირს კი რბოლაში ჩართვა?

რა ხდება ჩვენს თავს? ნუთუ გლობალიზაციამ დაგვაკარგვინა ცხოვრების აზრი და გავუთანაბრეთ ღირებული მხოლოდ ძალაუფლებას, წარმატებას, დასანახაობას, ჭიდილის დაძაბულობას და სწრაფ წარმატებას?

ნუთუ ესაა კაპიტალიზმის ექსტრემალური ფორმა, მისი დამახასიათებელი ბრუტალურობით? ყოველი ხელოვნებისა და კულტურის საბაზრო ძალების პროდუქტად ქცევა ბარბაროსობის თანამედროვე სახეა?

თუ ეს პოსტკომუნისტური საზოგადოებების „ამობრუნებული მარქსიზმია", რომელიც სერიოზულად აღარაფერს აღიქვამს, თუკი ის ბაზარსა და ფინანსურ კეთილდღეობას არ უკავშირდება?

ხომ არ ვემონებით ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ასე მიველტვით? ხომ არ გვაკავებს ფატალისტური რწმენა, რომ დროის კანონებს წინ ვერავინ აღუდგება?

ალტერნატივა: დადინჯება

მაშ, რა დაგვრჩენია? პირველ რიგში, უნდა მოვიფიქროთ, რისი გაკეთებაა საჭირო სწრაფად, და რისი - უფრო დინჯად. სწრაფად გასაკეთებელია ყოველდღიური საქმეები და არა გრძელვადიანი მიზნები ან ცხოვრების არსთან დაკავშირებული მოქმედებები.

მაგალითად - საქმიანი შეხვედრები რაც შეიძლება ცოტა და ხანმოკლე უნდა იყოს. ახალ ამბებს გაკვრით უნდა ვეცნობოდეთ. მომწავლავ და გასართობ ინფორმაციას საერთოდ უნდა ავარიდოთ თავი. სიცოცხლე ხანმოკლეა - იმის მოსასმენად, წასაკითხად და სანახავადაც არ გვაქვს საკმარისი დრო, რაც მართლა იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

­უმნიშვნელოვანესია აღვიდგინოთ კონცეფციების, ენის, მართალი სიტყვის, პატიოსნების, ხელოვნების ნიმუშების, ცხოვრების წესისადმი პატივისცემა. საოცარი ინფლაციის პირობებში ვცხოვრობთ. იქნებ, დეფლაცია გვეცადა?!

რატომ ვეთაყვანოთ ცხოვრებას, რომელშიც ყველაფერი კარგავს მნიშვნელობასა და ღირებულებას? იქნებ შეგვიძლია სხვაგვარად ვიცხოვროთ?

ეს რომ მოვახერხოთ, არც გლობალიზაციის საკურთხეველზე შეწირულ მსხვერპლად უნდა ვგრძნობდეთ თავს და არც პროგრესის მითიურ ინსტრუმენტებად.

და ნურც იმაზე ტვინის ჭყლეტით მოვიკლავთ თავს, ხომ არ გეგმავენ გლობალიზაციის ბნელი ძალები ჩვენი სულების წართმევას...

დავივიწყოთ ფატალიზმი და ძალაუფლების მსოფლიო ცენტრების განზრახვებზე ნერვიულობა.

მივცეთ თავს მეტი თავისუფლება და გავბედოთ სიდინჯე. არ ვიჩქაროთ, უფრო ღრმად ჩავწვდეთ ცხოვრებას, ნელა ვიკითხოთ და ცხოვრებით დავტკბეთ.


დოქტორი ლეონიდას დონსკისი ევროპარლამენტის ყოფილი (2009-2014) დეპუტატია. ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, იდეების ისტორიკოსი, სოციალური ანალიტიკოსი და პოლიტიკური კომენტატორი, დღეს ის კაუნასში, მენეჯმენტისა და აკონომიკის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. ლიტვაში ცნობილი საზოგადო მოღვაზე, ის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების დამცველია. 2004 წელს, დოქტორ დონისკისს ევროპის კომისიამ ლიტვაში ტოლერანტულობისა და მრავალფეროვნების ელჩის ტიტული მიანიჭა.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.