29 აპრილი 2016
ჩანახატი

ქართული ანბანი - მითი და სიამაყე

ავტორი: გურამ მურადოვი, ლაშა ქავთარაძე / წყარო: Photoessay.ge
სოციალური მედიის ქართულმა სეგმენტმა სულ ცოტა ხნის წინ დიდი ენთუზიაზმით აიტაცა სტატია სათაურით „მსოფლიოს 5 ულამაზესი ანბანი". ქართველი ინტერნავტები გატაცებით და სიამაყით აზიარებდნენ სიას, რომელშიც შრი-ლანკურ, ფილიპინურ და ინდონეზიურ დამწერლობებთან ერთად, ქართულიც მოხვდა.
 
ქართველები ვამაყობთ ჩვენი ანბანით. ბავშვებს წლების მანძილზე ასწავლიან, რომ 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი, სწორედ მათ ეკუთვნით, თუმცაღა ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება თუ საიდან მოვიდა ეს მისტიური რიცხვი „14": ინტერნეტში ყველაზე ზედაპირული მოძებნით - მსოფლიოში 30-მდე ალფაბეტი და ბევრად უფრო მეტი სხვა ტიპის -არაალფაბეტური - დამწერლობა არსებობს. იქნებ ის 1978 წლის 14 აპრილს უკავშირდება?
 
„დედაქალაქ თბილისში საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლება უჩვეულ დათმობაზე წავიდა ადგილობრივების პატრიოტული გრძნობების სასარგებლოდ და ქართულ ენას აღუდგინა სახელმწიფოენის სტატუსი. [...] მსგავსი დათმობა უკმაყოფილო დემონსტრატების წინაშე იშვიათია ამ ქვეყანაში. მაგრამ მიიჩნევა, რომ ეროვნული სულისკვეთება ქართველებში, რომლებიც საქათველოში რუსებზე რვაჯერ მეტნი არიან, გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე საბჭოთა კავშირში შემავალ დანარჩენ 15 რესპუბლიკაში", - წერდა კრეიგ უითნი, The New York Times-ის სპეციალური კორესპონდენტი, 1978 წლის 19 აპრილს.
 
5 დღით ადრე კი, თბილისის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გავიდა ქართული ენის სტატუსის დასაცავად. საბჭოთა ხელისუფლებას მაშინ მართლაც უჩვეულო დათმობაზე წასვლამ მოუწია, მაგრამ უჩვეულო იყო აქციის მოთავე სტუდენტების საქციელიც. საბჭოთა სისტემა ჯერ კიდევ მძლავრობდა, მაგრამ მაშინ ქართველებმა შეძლეს ეროვნული იდენტობის ამ კომპონენტის - ენის - დაცვა. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ქართველების საკარალური დამოკიდებულება ენისადმი თითქმის უცვლელი დარჩა.
 
სიამაყის და მისი გამამყარებელი მითების უკან ისტორიული რეალობა და ფაქტები დგას, რომელიც ჯერ კიდევ დაზუსტებას და შესწავლას მოითხოვს.
 
ქართული ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა და სხვადასხვა უფრო მეცნიერული ვერსია არსებობს, მაგრამ რომელიმესათვის უპირატესობის მისანიჭებლად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობააო გასაწევი - ამბობენ მეცნიერები.
 
 
ხანმეტი ლექციონარი. VII ს. მთავრული დამწერლობის ნიმუში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ფოტო: გურამ მურადოვი
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი, დალი ჩიტუნაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: „წყაროებზე დაყრდნობთ ჩვენ შეგვიძლია მივემხროთ ან არ მივემხროთ, ვაკრიტიკოთ ან არ ვაკრიტიკოთ [ქართული ანბანის წარმოშობის] რომელიმე ვერსია, მაგრამ მატერიალური მასალა, სამწუხაროდ, ბევრი არ გვაქვს. ქართული დამწერლობის ყველაზე ადრეული ნიმუშები, ეს არის თარიღიანი ეპიგრაფიკა, რომელიც V საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება - ბოლნისის სიონის და იერუსალემის ქართული წარწერები. თუმცა, ბოლო დროს, გამოჩნდა ახალი, ნეკრესის წარწერები, რომლებსაც, მეცნიერთა ერთი ჯგუფი გაცილებით უფრო ადრეულად, I-II საუკუნეებით ათარიღებს."
 
საუკუნეების მანძილზე ანბანის, მისი გრაფიკული სახის შეცვლის მიზეზები კიდევ უფრო რთული დასადგენია. ქართული დამწერლობის განვითარებაში ენათმეცნიერები სამ ძირითად ეტაპს გამოყოფენ: ასომთავრული (მრგვლოვანი), ნუსხური და მხედრული, რომელსაც დღეს ვიყენებთ. თუმცა, არის მაგალითად ე.წ. ნუსხურიდან მხედრულზე გარდამავალი ეტაპიც. გრაფიკულად, დამწერლობა ჯერ არ არის მხედრული, მაგრამ უკვე აღარც ნუსხურია.
 
 კრებული XII-XIII სს. ნუსხური დამწერლობის ნიმუში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ფოტო: გურამ მურადოვი
 
„გაცილებით ადვილია დააკვირდე იმას თუ როგორ იცვლება გრაფემის მოხაზულობა ნუსხურიდან მხედრულზე. პირდაპირ ჩანს, თანდათანობით, როგორ გადადის მაგალითად „დონი", რომელიც ორ ხაზს შორის იწერებოდა, ოთხ პარალელურ ხაზს შორის მხედრულსა და ნუსხურში. ამაზე თვალის მიდევნება ადვილია, მაგრამ უფრო რთულია დაკვირვება, მთავრულიდან ნუსხურზე გადასვლაზე. იმისათვის რომ ზუსტად ვთქვათ, როგორ ხდებოდა გრაფემების ცვლილება, საჭიროა დავაკვირდეთ თითოეული გრაფემის განვითარებას ქრონოლოგიაში და პლუს გვქონდეს დათარიღებული მასალა. არა ზოგადად, არამედ დროში უწყვეტად, კონკრეტული თარიღებით. სწორედ ეს იყო მიზანი ჩვენი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი პროექტისა, როდესაც ჩვენ მოვამზადეთ თარიღიანი ხელნაწერების ალბომი. შევეცადეთ მოგვეძებნა თარიღის შემცველი მასალა ქართული ხელნაწერებით, ამ მასალიდან ამოგვეღო გრაფიკა და დავკვირვებოდით ქართული გრაფიკის განვითარებას უკვე საუკუნეებში", - ამბობს დალი ჩიტუნაშვილი.
 
 ალავერდის ოთხთავი, 1054 წ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ფოტო: გურამ მურადოვი
 
კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება და მეცნიერები ფრთხილობენ - აქამდე გაანალიზებული, ზუსტად დათარიღებული მასალა იმდენად მწირია, შეიძლება მოულოდნელობებიც აღმოვაჩინოთო.
 
ქართული ანბანი 2.0
 
ქართული ენის, დამწერლობის ტრადიციასა და ანბანის უნიკალურობაზე საუბრის პარალელურად, უკვე დღის წესრიგში დგას ამ ტრადიციის გამდიდრებისა და თანამედროვეობაზე მორგების საკითხი. სწორედ ამ მიზნით გაერთიანდა სხვადასხვა ასაკის, პროფესიული გამოცდილებისა და კომპეტენციის ადამიანი, რამდენიმე თვის ხნის წინ. ერთ-ერთი მათგანია ტრირის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრანტი, აკაკი რაზმაძე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, კომპანია „მონოტაიპთან" ერთად, ახალ ქართულ შრიფტებზე მუშაობს.
 
აკაკი რაზმაძე. ფონტის ინჟინერიის კურსის ხელმძღვანელი. ფოტო: გურამ მურადოვი
 
„ვმუშაობ თბილისში, ფონტის ინჟინერიის კურსზე, რომელიც ძველი ქართული შრიფტების გაციფრულებას გულისხმობს. ძველ ქართულ გამოცემებში, წიგნებსა და გაზეთებში გამოყენებულ ფონტებზე ვმუშაობთ. 1629 წელს დაბეჭდილი პირველი წიგნიდან მოყოლებული, XX საუკუნის შუა პერიოდამდე გამოცემებით ვხელმძღვანელობთ. საბოლოოდ, შეიქმნება საკმაოდ ბევრი ქართული შრიფტი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ სივრცეში", - ამბობს აკაკი რაზმაძე.
 
ციფრულ ფონტებზე მუშაობა. ფოტო: გურამ მურადოვი
 
 შრიფტის გაციფრულებისას, ორი მიმართულებაა მთავარი: დიზაინი და ტექნიკური მხარე. 25 წლის გრაფიკოსის თქმით, ფონტების ინჟინერიის პროცესში უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო, ვიდრე, მაგალითად, მხატვრობის შემთხვევაში. პატარა დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი წერტილის ერთი პუნქტით გადაადგილებაც კი, ბევრ რამეს ცვლის.
 
„კურსის იდეა TBC ბანკის კამპანია #წერექართულად-ის ფარგლებში გაჩნდა. ჯეოლაბის ერთ-ერთმა დამაარსებელმა შემომთავაზა, გაგვეკეთებინა ფონტების კონკურსი, თუმცა შემდეგ კონკურსი სრული კურსით ჩავანაცვლეთ. ასევე გადაწყდა, რომ კურსი გასცდენოდა საქართველოს ფარგლებს და სხვა ქვეყნებიდანაც ჩაგვერთო სპეციალისტები, მათ შორის „მონოტაიპის" ერთ-ერთი თანამშრომელი, იან ჰარვაატი და ფილიპ ბლაჟეკი", - აღნიშნავს აკაკი.
 
მერაბ გეწაძე. ფოტო: გურამ მურადოვი
 
 
ეროვნული მნიშვნელობის მასშტაბურ მოვლენად აფასებს ამ კამპანიასა და ფონტების ინჟინერიის კურსის შექმნას ასოციაცია „ქათული შრიფტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ გეწაძე. ის გრაფიკოსთა იმ თაობას მიეკუთვნება როდესაც შრიფტს ან მხატვრები ქმნიდნენ ან მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე კალიგრაფები. ამ ნახატებს ლიტერებად - ანუ ტყვიისგან ჩამოსხმულ სასტამბო ნიშნებად - ტექნიკური პერსონალი „აცოცხლებდა". ასოციაცია სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა. მისი დაარსების იდეა ქართული შრიფტის შესახებ გამოფენის მზადებისას გაჩნდა და მალევე განხორციელდა.
 
მისი ამოცანები ქართული ფონტის/შრიფტის დახვეწასა და სისტემატიზაციას, გამოყენების სტანდარტების დანერგვას, შრიფტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, დარგის შესახებ სამეცნიერო-შემეცნებითი ლიტერატურის შექმნას, თარგმნას, გავრცელებასა და დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას ითვალისწინებს.
 
კლასიკური ხერხით შექმნილი შრიფტები. ფოტო: გურამ მურადოვი
 
 
„ქართული შრიფტის დღევანდელი მდგომარეობა საგრძნობლად უკეთესი და იმედისმომცემია, ვიდრე თუნდაც საუკუნის დასაწყისში, თუმცა შორსაა სასურველისგან. თავის დროზე, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოჩენამ მკვეთრი ზღვარი გაავლო ქართული შრიფტების განვითარების საქმეში. პრაქტიკულად დამთავრდა კლასიკური ეპოქა" ამბობს გეწაძე ჩვენთან საუბარში,  „ჩვენთან, ისევე როგორც ყველგან, მასობრივ კომპიუტერიზაციას მემკვიდრეობითობის უკიდურესი წყვეტა მოჰყვა. ძველი თაობის და სოლიდური პრაქტიკის მქონე შრიფტის მხატვრები, კომპიუტერის არცოდნა-არქონის გამო, გარიყულები აღმოჩნდნენ ფონტების/შრიფტების ელექტრონული ანალოგის შექმნის შესაძლებლობისგან. მათ ადგილას, „წინა ხაზზე" თავისდაუნებურად მოგვევლინა ტექნოკრატი, შრიფტების სპეციფიკის არმცოდნე ახალგაზრდობა. თუმცა მათ ბრალი არაფერში მიუძღვით. ქართულ ფონტებზე მოთხოვნა დიდი იყო, დრო არ ითმენდა და მათაც გააკეთეს, რაც შეეძლოთ. შედეგად, გვაქვს უამრავი, ვითომ ორიგინალურ-ავანგარდული, სინამდვილეში უგემოვნოდ, უსისტემოდ მოდიფიცირებული გრაფემების მქონე ფონტები და კლასიკური ლითონური პოლიგრაფიული შრიფტების ცუდად „აღდგენილი" ანალოგები, რომლებიც მკვეთრად წამგებიანად გამოიყურებიან, თანამედროვე უცხოენოვანი ფონტების გვერდით."
 
მისი თქმით, დღესდღეობით, საზოგადოების ინტერესი შრიფტებისადმი ნელნელა იზრდება. მათ ცნობიერებაში შრიფტი უმეტესწილად გაიგივებულია მრავალსაუკუნოვან ქართული დამწერლობასთან, მაგრამ მატულობს რაოდენობა სხვადასხვა საქმიანობის თუ პიროვნული სტატუსის მქონე ადამიანებისა, რომლებიც უფრო ღრმად იაზრებენ შრიფტის/ფონტის მნიშვნელობას. ბიზნესიც დიდ როლს ასრულებს: კომპანიები უკვეთავენ კორპორატიული შრიფტებს, რაც ფონტის დიზაინერებს სამსახურს და მოტივაციას უქმნის.
 
ზემოთ ნახსენები ფონტინჟინერიის კურსი უკვე დამთავრდა და ახლა პრაქტიკული დავალებების შესრულება მიმდინარეობს. სტუდენტებმა უკვე დაიწყეს შრიფტებზე მუშაობა და დაახლოებით ერთ წელიწადში მივიღებთ ათობით ქართულ შრიფტს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ ტიპოგრაფიას.
 
1978 წლიდან თითქმის ორმოცი წელი გავიდა. ქართული დამწერლობის ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია, მისი მომავალი კი უკვე იქმნება.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.