8 თებერვალი 2018
მოსაზრება

ბუნდესვერი ფასადურ არმიად რჩება

ავტორი: ტომას კლაინე-ბროკჰოფი, იან ტეჰაუ / წყარო: Die Bundeswehr wird eine potemkinsche Armee bleiben
თავდაცვის ტვირთის პარტნიორებთან გაზიარება ქვეყნის დაცვის ყველაზე ეფექტური ფორმაა მანამ, სანამ ქვეყნებს ერთმანეთის დახმარების იმედი მართლა აქვთ. თუკი სამხედრო ალიანსის წევრები იეჭვებენ, მავანი ჩვენს ხარჯზე თავდაცვას იძლიერებს, ფულს კი ზოგავსო, ალიანსი ერთიანობას წყალი შეუდგება.
 
დიდი ხანია, გერმანიისა და ნატოს სხვა ევროპელი წევრების მიმართაც ასეთი ეჭვები დასაბუთებულია. უკვე წლებია გერმანიის ბიუჯეტში თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხა იკლებს, ნატოს სხვა წევრების ინტერესების გათვალსწინების გარეშე და ყოველთვის იმის იმედად, რომ პარტნიორები გერმანიას არ გაწირავენ. 
 
 "კარდინალურ ცვლილებების” მოლოდინში
 
გერმანიის უპასუხისმგებლობას ეროვნული უსაფრთხოების სივრცეში ნატოს პარტნიორები, განსაკუთრებით კი ამერიკელები, დიდი ხანია აკრიტიკებენ.

თუკი ბოლო დროს ბერლინს გამოფხიზლება დაეტყო, ეს უფრო უსაფრთოხების გარემოს დრამატული გაუარესების გამო მოხდა, ვიდრე პარტნიორების შფოთვის საპასუხოდ. ფედერალური არმია, როგორც თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის სტრატეგიული დოკუმენტი „თეთრი წიგნი" აღნიშნავს, დგას ''კრიზისების და კონფლიქტების აქამდე არნახული რაოდენობისა და მასშტაბების წინაშე''.

ამის გათვალისწინებით, თავდაცვის მინისტრმა,  ურსულა ვან დერ ლეიენმა (Ursula von der Leyen) ბუნდესვერისთვის 25 წლიანი ''დიეტის'' შეწყვეტასა და ''კარდინალურ ცვლილებებზე'' დაიწყო საუბარი.

მიახლოება ორ პროცენტთან?

მინისტრ ვან დერ ლაიენს 15 წლის განმავლობაში სამხედრო აღჭურვილობაში 130 მილიარდი ევროს ჩადება და ჯარის რამდენიმე ათასი კაცით გაზრდა სურს. თავდაცვის ბიუჯეტი 2024 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უნდა მიუახლოვდეს. ფედერალურმა მთავრობამ, დიდი კოალიციის მინისტრების მხარდაჭერით, ეს დაპირება ნატო-ს პარტნიორებს ორჯერ მისცა, 2014 და 2016 წლებში.

ეს თემა გერმანიის მმართველი კოალიციის შექმნის მიმდინარეობისას ცხოველი განხილვის საგანი იყო. თუმცა საქმე კოალიციის შეკოწიწებას კი არ ეხება, არმედ სტრატეგიული სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას საფრთხეების მოზღვავების პერიოდში: სურს თუ არა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მომავალში პატარა, მაგრამ თანამედროვე, ჩართულობისთვის მზა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ქმედითი შეიარაღებული ძალების ყოლა?

დღეს გერმანიას ასეთი არმია არ ჰყავს. თავდაცვის საკითხებში ბუნდესთაგის საგანგებო მომხსენებლის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD), ბუნდესთაგის ყოფილი წევრის ჰანს-პეტერ ბარტელსის (Hans-Peter Bartels) ანგარიშის თანახმად, ბუნდესვერი ''კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში დღეს ქმედითუნარიანი არ არის''.

ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) ფედერალური ჯარების მომავალთან დაკავშირებულ კითხვაზე თავიანთ ''საბოლოო დოკუმენტში'' - კოალიციურ შეთანხმებაში - იმდენად ნათელი პასუხი გასცეს, რომ კითხვებიც კი აღარ დარჩა. ფედერალური არმია ფასადურ არმიად დარჩება, სადაც რამდენიმე მომხიბვლელი, ფუნქციონირებადი დანაყოფი სასცენო დეკორაცია იქნება ზოგადად ქმედითუუნარო ჯარისთვის.

დოკუმენტში ეს აზრი რასაკვირველია უფრო მომხიბვლელადაა ჩამოყალიბებული: ''ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ შესაძლებლის ფარგლებში ყველაზე საუკეთესო აღჭურვილობა, განათლება და მომსახურება''. თუ რას ნიშნავს ''შესაძლებლის ფარგლები'', სამხედროებმა უკვე კარგად იციან. მსგავსი ფორმულირება ჯერ კიდევ დიდი კოალიციის 2009 წლის ხელშეკრულებაში იდო და შედეგად თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხები მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 20%-ით დაეცა.

პარლამენტარები თავს იმ არგუმენტით იცავენ, რომ ამჯერად მოხერხდა გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცება. ეს მართალიცაა - ოთხწლიან ბიუჯეტში 2 მილიარდი ევროა გათვალისწინებული, მაგრამ ამავე საბიუჯეტო ხაზიდან უნდა დაფინანსდეს განვითარებისადმი საერთაშორისო ტექნიკური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება და სამოქალაქო კრიზისების პრევენციაც. შედეგად, ჯარისთვის ოთხ წელზე გაყოფილი ერთი მილიარდი რჩება, ანუ 250 მილიონი წელიწადში.

ეს არ არის უმნიშვნელო თანხა, მაგრამ რას შეიძლება ბუნდესვერმა რეალურად მოახმაროს 250 მილიონი ევრო? პასუხი ერთია: ხელფასების გადახდას.

თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო მისი მოხელეების ხელფასებს წელს 4%-ით გაზრდის, ეს ბუნდესვერს 640 მილიონი ევრო დაუჯდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავდაცვის ბიუჯეტის გათვალისწინებული ზრდა მიახლოებითაც კი არ არის საკმარისი ჯარისკაცებისთვის საჯარო სამსახურში ხელფასების მოსალოდნელი ზრდის დასაფინანსებლად.

დავუშვათ, თავდაცვის ბიუჯეტის ნამდვილი ზრდა საშუალოვადიანი ფინანსური დაგეგმვის დროს მოხდება. ეს პროცედურა უკვე ძალაშია შესული და ახალ კოალიციასაც მოუწევს მისი განხორციელება.
 
ეს არგუმენტი მართებულია, თუმცა, ამავე დროს, მაცდურიც. მართალია, ბუნდესვერის ბიუჯეტმა პირველ ეტაპზე (2018-2012 წლებში) მართლაც ცხრა მილიარდი ევროთი უნდა მოიმატოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს გერმანიის ეკონომიკაც გაიზრდება, მასში თავდაცვის ბიუჯეტის წილი რეალურად, მხოლოდ პროცენტის მეასედებით მოიმატებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცენტების თვლას თავს დავანებებთ და ისეთ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, როგორიცაა არსებული ტექნიკის სარემონტო ხარჯები, სამხედრო ტექნიკის ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის აუცილებლობა და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით მზარდი ვალდებულებები ნატო-სა და ევროკავშირში, საბოლოო ჯამში ბიუჯეტის ზრდიდან ხელში დიდი ვერაფერი შეგვრჩება.

ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ სამხედრო ტექნიკის ფასები ინფლაციის მაჩვენებელზე უფრო სწრაფად იზრდება, ბუნდესვერმა თავი ბედნიერად უნდა ჩათვალოს, თუ ის არსებულ მსყიდველობით უნარს შეინარჩუნებს. არავინ მოინდომებს იმის მტკიცებას, რომ ამგვარ გამოუსადეგარი არმიას მოდერნიზება შეუძლებელია.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, საბოლოო ჯამში: კოალიციური შეთანხმების დოკუმენტი არასრულყოფილია. არადა დიდი ხანია ვითარება განხილვას კი არა, სწრაფ მოგვარებას მოითხოვს. მინისტრს რომ მართლაც ''კარდინალური ცვლილება'' სურდეს, ეს სხვაგვარად გამოვლინდებოდა.
 
ჩვენი დროის ამ გამოწვევებისგან გაქცევას პოლიტიკური და ფსიქოლოგიური საფუძველი გააჩნია. ერთი შეხედვით, გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იმიტომაც არ მოხდება, რადგან დონალდ ტრამპმა პირად მიზნად აქცია ნატო-ს პარტნიორებისაგან დაფინანსების 2%-იანი მიზნის მიღწევა. ბიუჯეტის ამ მაჩვენებლამდე ზრდა გერმანიაში ტრამპისადმი ქედის მოხრად იქნებოდა აღქმული.

ასე აზროვნება სავალალოა. ჯერ ერთი, ჩვენ ტრამპს ვაძლევთ საშუალებას უდიდესი გავლენა მოახდინოს გერმანიის თავდაცვის პოლიტიკაზე. მეორეც, ეს პოლიტიკურად აბსურდულია. ვინაიდან ზრდის მაჩვენებლის გარშემო უაზრო დავით გადაიფარება ფუნდამენტური სტრაგტეგიული კონსენსუსი, რაც გერმანიის პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. დიდი კოალიციის წევრი პარტიები უკვე დიდი ხანია აღიარებენ, რომ ბუნდესვერის გადაიარაღების პრობლემა უნდა მოიხსნას, მისი ოპერატიული მზადყოფნა კი - აღდგეს.

თავდაცვის საკითხებში ბუნდესთაგის მომხსენებელმა ბარტელმა უკვე გამოთვალა, თუ როგორ გამოისახება ეს კონსენსუსი ციფრებში. თუკი მართლაც კარდინალური ცვლილება გვსურს, მთავრობის ოთხწლიანი მანდატის ბოლოს გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ს უნდა უდრიდეს. სწორედ ეს უნდა იყოს კოალიციური მთავრობის შეთანხმების მიზანი.
 
თომას კლაინე-ბროკჰოფი აშშ-ს German Marshall Fund-ის ვიცე-პრეზიდენტია, იან ტეჰაუ კი ამავე ფონდის ევროპულ პროგრამას უდგას სათავეში.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.