22 იანვარი 2018
მოსაზრება

დოდიკი და ბოსნიის უიღბლო ბედობა

ავტორი: მილოშ ცირიჩი/Milos Ciric / წყარო: Murder, Measles and New Tanks
გენერალ რატკო მლადიჩის მადიდებელი პლაკატები ბელგრადში. ფოტო: BETA
 
1991 წელს რეპუბლიკა სრპსკას შექმნის აღსანიშნავად, ბანია ლუკაში „ღირსების პარადი" გამართეს. სრპსკას პრეზიდენტი მილორად დოდიკი ბოლო ხანებში ხალხში იშვიათად ჩნდება, ძირითადად საარჩევნო კამპანიების, პრეს-კონფერენციების ანდა ბელგრადში ხშირი ვიზიტებისას თუ გამოკრთება მისი სახე. თუმცაღა, 9 იანვარს დოდიკი ბანია ლუკას ქუჩებში მარტო გავიდა, თუმცა სამხედროებისა და პოლიციელების გაძლიერებული დაცვით. მისმა გამოჩენამ რეგიონის მედიაში დომხალი შეიტანა, ზოგი ამბობდა „დოდიკი მარტოა მთელი მსოფლიოს პირისპირო", ზოგი კი ამტკიცებდა, მისი მარტოობა „ბოსნიის ამ ნაწილში საქმეთა ჭეშმარიტ ვითარებას" ასახავსო.
 
პირადად მე მეორე მოსაზრებას ვეთანხმები - დოდიკი მარტოა თავის კორუმპირებულ სახელმწიფო აპარატთან და ჯიბის მედიასთან ერთად და იმ ხალხსაც მოწყვეტილია, რომელსაც წესით უნდა წარმოადგენდეს და საერთოდ, რეალობასაც. თუმცაღა, როდის იყო სრპსკას ლიდერს რამე სერბეთის სრული მხარდაჭერის გარეშე გაეკეთებინოს?! გამონაკლისი არც დოდიკია. არაკონსტიტუციური დღესასწაულისას მას მხარს უმშვენებდა სერბეთის ყოფილის პრეზიდენტი, საპატიო სტუმრად მოწვეული ტომისლავ ნიკოლიჩი.
 
ნიკოლიჩმა [სერპსკას დედაქალაქ] ბანია ლუკაში ბოსნიელ სერბებს „ავტონომია და დამოუკიდებლობა" უსურვა და ღირსების მედალიც მიიღო. ასეთივე მედალი სერბეთის წინა პრეზიდენტს, ბორის ტადიჩსაც აქვს მიღებული. ნიკოლიჩის გაცხადებული სურვილი, რომ რეპუბლიკა სრპსკა ბოსნიას გამოეყოს სიახლე არავისთვის ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბეთი თანმიმდევრულად ცდილობს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ჩამოყალიბებული ბოსნია პოლიტიკურ გაურკვევლობაში ამყოფოს.
 
არის იმის ნიშნებიც, რომ სერბეთი სრპსკას სამხედრო მრეწველობის მხარდაჭერას განაგრძობს. დეკემბრის ბოლოს სერბეთის თავდაცვის მინისტრი, ალექსანდრე ვულინი სრპსკას ქალაქ პალეს ეწვია და პირობა დადო, სერბეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქალაქში „როგორც მინიმუმ 70 ადამიანი დაასაქმოს 10 სერბული ტანკის მოტორის კაპიტალურ შეკეთებაზეო." პალეში განლაგებული "სპეცდანიშუნლების მოტორების საამქრო" სრპსკას სახელმწიფო საკუთრებაშია. ასეთი სამხედრო შეკვეთით იმ ძველი დროის სიომ დაჰბერა, როცა სერბეთი ბოსნიელ სერბებს უკანონოდ აიარაღებდა.
 
დოდიკის პოლიტიკურმა ნათლიმამ, სერბეთის მიმდინარე პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ამჯობინა 9 იანვარს ბანია ლუკაში არ გამოჩენილიყო. ზოგიერთმა მედია საშუალებამ მარჩიელობა დაიწყო „ხომ არ ასახავს პრეზიდენტ ვუჩიჩის დაუსწრებლობა, რომ მან ბოლოსდაბოლოს უარყო დოდიკის სეპარატისტული გეგმები, დაუახლოვდა დასავლეთს, და დაშორდა რუსეთს"-ო.
 
მაგრამ ასეთი გულუბრყვილო მოსაზრებები მალევე გააქარვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა, რომელმაც - სანამ დოდიკი ბანია ლუკას დაცარიელებულ ქუჩებში დაბორიალობდა - რეპუბლიკა სრპკას მხარდაჭერის ნათელი სიგნალი გაუგზავნა. პრემიერმა განაცხადა, რომ სრებრენიცაში 1995 წელს გენოციდი „არ მომხდარა".
 
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვუჩიჩის რჩეული ბრნაბიჩი გენოციდის უარმყოფლად გვევლინება, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განცხადების მომენტის გათვალისწინებით. როგორც ჩანს, ამ განცხადებამდე არავის მოუვიდა თავში შეეხსენებინა ბრნაბიჩისთვის, რომელსაც უსამართლოდაა მიჩნეული პროგრესულ სერბ ლიდერად, რომ სრებრენიცის ჟლეტის გენოციდური ხასიათი რამოდენიმე სასამართლოს მიერაა დამტკიცებული, ყოფილი იუგოსლავიის საქმეების საერთაშორისო სისხლის-სამართლის ტრიბუნალის (ICTY) და სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წინაშე. მეტიც, სერბეთი ორივე ამ სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს და საერთაშორისო ხელშეკრულებით პირობა აქვს დადებული, რომ პატივს სცემს მათ გადაწყვეტილებებს.
 
პრემიერის განცხადებას სერბული საზოგადოებისა და მას მედიისაგან დიდი რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. სლობოდან მილოშევიჩის დროიდან დაწყებული, სერბეთის ყველა მთავრობა სრულიად ნათლად ადასტურებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს ბოსნიისადმი და რეპუბლიკა სრპსკას ლიდერების სეპარატიზმისადმი მხარდაჭერას. ბრნაბიჩის ამ ტრადიციასთან ზიარება მხოლოდ დროის ამბავი იყო.
 
თარიღიც კარგად იყო შერჩეული: 27 წლის წინათ, 1991 წლის 9 იანვარს ბოსნიელმა სერბებმა სწორედ ბელგრადში მიიღეს თავიანთი კვაზი-სახელმწიფოს შექმნაზე კურთხევა. რეპუბლიკა სრპსკას პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები ამ დღეს სწორედ ბელგრადში წარადგინეს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ეთნიკურად წმინდა „დიდი სერბეთის" პროექტი საბოლოოდ დამტკიცდა და ომის მექანიზმიც სრული სვლით ამუშავდა. ის, თუ რა მოხდა ამის შემდეგ კარგადაა ასახული სასამართლო დოკუმენტებში, მაგრამ გამეორებად ღირს. ბოსნიის წინააღმდეგ სერბეთმა სამხედრო აგრესია წამოიწყო შეიარაღებული ფორმირების - ბოსნიელ სერბთა არმიის (VRS) ხელით და მრავალრიცხოვანი პარამილიტარული და პარა-საპოლიციო დანაყოფის მხარდაჭერით. მათ სინდისზეა გენოციდის, ეთნიკური წმენდის, წამების გაუპატიურების და არა-სერბების ბოსნიიდან გაძევების არაერთი შემთხვევა. ამ ბინძური კამპანიის კულმინაცია იყო სრებრენიცის გენოციდი 1995 წლის ზაფხულში, რაშიც VRS-ის ბრალეულობა უკანასკნელ ხანებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჰააგის სასამართლომ რატკო მლადიჩის საქმის განხილვისას.
 
სერბეთის პოლიტიკური ელიტა ფაქტებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს დიდ ყურადღებას არასოდეს აქცევდა. დღესაც მათ საზიანო მოქმედებებსა და გამოსვლებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დესტაბილიზაცია და/ან დანაწევრება. მედიის ცნობით, ბოსნიის ომისაგან ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზარალებულ ქალაქში, ფოჩაში „ბელგრადელმა ხულიგნებმა რეპუბლიკა სრპსკას დაარსება მაშხალებიანი მსვლელობით აღნიშნეს".
 
მეორე მხარე - ბოსნიის ფედერაციის [რომელიც ბოსნიელ მუსლიმებს (ბოშნიაკებს) და ხორვატებს აერთიანებს] პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ დღეებში ძირითადად ჩუმად იყო. [ბოსნიელი მუსლიმების ლიდერი] ბაქარ იზეტბეგოვიჩი, რომელსაც დაბალი რეიტინგიდან და კარზე მომდგარი არჩევნებიდან გამომდინარე დასაკარგი დიდი არაფერი აქვს, პასიურ-აგრესიულ პოზაში ჩადგა და ყველას ერთბაშად დასდო ბრალი ბოსნიის ახლანდელ გაყინულ წერტილში მიყვანისთვის: [სერბეთის პრემიერ] ვუჩიჩიდან დაწყებული [ექს-პრეზიდენტ] ნიკოლიჩით, დოდიკით და ბრნაბიჩით დამთავრებული და ბოლოს ხორვატიის პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩსაც გადაწვდა. ყოველივე ამაში საკუთარი ბრალის მოხსენიება კი "გამორჩა", განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, რომელიც უვადოდაა გადადებული.
 
ბოლოდროინდელ ინტერვიუში, იმის მაგივრად სერბეთის და სრპსკას ლიდერების მოქმედებები დაეგმო, იზეტბეგოვიჩის მთავარი საზრუნავი იყო, საკუთარი ამომრჩეველი დაერწმუნებინა, მე თურქეთის ნახევრად-დიქტატორი, რეჯებ ერდოღანი ჩემთან უფრო მეგობრობს, ვიდრე ხორვატიის პრეზიდენტი გრაბარ-კიტაროვიჩთანო. ხორვატიის პრეზიდენტი უკანასკნელ დღეებში ანკარაში ეწვია თურქეთის ლიდერს.
 
ამ შეხვედრამ იზეტბეგოვიჩის პოლიტიკურ ყოყლოჩინობას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა და ბავშვურად აალუღუღა „არ ვიცი გრაბარ-კიტაროვიჩმა და თურქეთის პრეზიდენტმა რაზე ილაპარაკეს", მაგრამ „ერდოღანმა პირადად დამირეკა, ბევრი მესიჯები გამომიგზავნა და მინისტრების დონეზე სამმხრივი შეხვედრა შემომთავაზაო".
 
თუ გავითვალისწინებთ, რომ იზეტბეგოვიჩისთვის ერდოღანთან „ახლო ურთიერთობა" ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური აქტივია, ხორვატიის პრეზიდენტის თურქეთის ლიდერთან ანკარაში სწორედ იმ დაწყევლილ 9 იანვარს შეხვედრამ ის ფრიად გააღიზიანა. კიდევ უარესი, ერდოღანთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გრაბარ-კიტაროვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა „ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სამი დამფუძნებელი ერის [ბოშნიაკები, სერბები და ხორვტები] კონსტიტუციით გარანტირებული თანსაწორობის უპირველესი მნიშვნელობა".
 
[ბოსნიის კონსტიტუცია სამი „დამფუძნებელი ერის" თანასწორობას კი აღიარებს, მაგრამ მხოლოდ ერთს - სერბებს აქვთ ცალკე სახელმწიფოებრივი ერთეული. ბოსნიის ხორვატი ლიდერები ბოშნიაკ-ხორვატული ფედერაციით უკმაყოფილებას ყოველთვის გამოთქვამდნენ და სერბების მიერ ინსპირირებული ნებისმიერი გამწვავებისას ცეცხლზე ნავთს ასხამენ ცალკე ხორვატული „სახელმწიფო ერთეულის" შექმნის იდეით. ამაში მათ მხარს ოფიციალური ზაგრები ხან ღიად უჭერს მხარს, ხან კი ფარულად - კლარიონის რედაქტორი].
 
ერდოღანმა კითხვას „ისაუბრეთ თუ არა ბოსნიაში ხორვატების სტატუსზე ხორვატიის პრეზიდენტთან" გამოზომლი დიპლომატიურობით უპასუხა: „ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკითხების დეიტონის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნაწილი მათი შიდა საქმეა. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, მაგრამ ამა თუ იმ მიმართულებით მითითებების მიცემის გარეშეო". ამ მოვლენებმა ყველა დაგვაფიქრა - სრულიად ხომ არ დაკარგეს ბოსნიაკების ლიდერებმა თავისი მნიშვნელობა და რა გავლენას მოახდენს ეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში რიგითი მუსლიმების ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც რეპუბლიკა სერპსკაში ბინადრობს და ყოველდღიურად უწევს დისკრიმინაციასთან შეჯახება.
 
დასკვნის სახით: ახალ წელს ბოსნიისათვის არაფერი მოუტანია. უფრო ძლიერი მეზობლები ყველაფერს აკეთებენ ბოსნიური სახელმწიფოს კიდევ უფრო შესასუსტებლად, რაც მოქალაქეებს კვლავაც გაურკვეველი მომავლის იმედად ტოვებს.
 
მილოშ ცირიჩი სერბი განმანათლებელი, პოლიტოლოგი და ადამიანის უფლებების აქტივისტია. ის ბალკან ინსაითში რეგულარულად აქვეყნებს რეგიონის ამბების მიმოხილვას.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.