14 ნოემბერი 2016
მოსაზრება

ტრამპი და ლიბერალიზმის კრიზისი

ავტორი: დავით დარჩიაშვილი / წყარო:

დონალდ ტრამპის ფენომენის გაჩენა ლიბერალური პოლიტიკურ ისტებლიშმენტის, კერძოდ მისი რესპუბლიკური და დემოკრატიული ბანაკების კრიზისმა გამოიწვია. მოხდა ლიბერალიზმის ერთგვარი ბიუროკრატიზაცია და კორპორატიზაცია. გარდაუვალმა სნობიზმმა, რაც ნებისმიერი ელიტის თანდაყოლილი დაავადებაა, შეასუსტა მათი კავშირი საზოგადოების ფართო ფენებთან და ელიტების ცირკულაციის პარეტოსეული ციკლი. იგივე კატეგორიიდანაა ნაირფერი პოპულისტური იმპულსები ევროკავშირის მასშტაბითაც.

თუ ვითარებას ოპტიმისტური კუთხით შევხედავთ, ვილფრედო პარეტოს და გაეტანო მოსკას შეხედულებების მიხედვით ელიტა უფრო ენერგიული პიროვნებებით განახლდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. თუ უფრო პესიმისტები ვიქნებით, შტატებისა და ევროპის ჰორიზონტზეც არალიბერალური დემოკრატიის (ფარიდ ზაქარია) ანდა „დემოკრატიის ორეულების" (ივან კრასტევი) აჩრდილებს დავინახავთ.

ზაქარიას და კრასტევის მიერ აღწერილი რეჟიმები დემოკრატიის პროფანაციაა. ძველი მემარცხენე თუ მემარჯვენე დიქტატორებისაგან განსხვავებით, ჩავესი თუ პუტინიც ატარებენ არჩევნებს, ზოგჯერ მართლაც კონკურენტულს. თუმცა მედიის მანიპულირებით, საარჩევნო სტანდარტების გაუკუღმართებით და განსაკუთრებით, უსაზღვრო პოპულიზმით, ისინი იღებენ სახალხო მანდატს ქვეყნის სრულიად არალიბერალურად სამართავად. არალიბერალურობა კი დემოკრატიის ორეულობაა, რადგან თუკი დემოკრატიას კანონის უზენაესობის, შეკავება-გაწონასწორების, ინდივიდის და უმცირესობათა პატივისცემის, თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ უმაგრებს ზურგს, ის სახიფათო ფიქციად, ავტორიტარულ რეჟიმად ანდა უმრავლესობის დიქტატად იქცევა.

საინტერესოა, რომ არალიბერალი ლიდერები ხშირად არ ქადაგებენ ლიბერალურისაგან პრინციპულად დაცილებული სახელმწიფო წყობის შექმნის აუცილებლობას. სხვა შემთხვევაში, ისინი მრავალპარტიულ არჩევნებზეც იტყოდნენ უარს და მონარქიზმის, 1920-იანი წლების სინდიკალისტურ-ფაშისტური მოძრაობების ან კომუნიზმის დროშებს ააფრიალებდნენ. ლიბერალიზმიდანვე სესხულობენ ადამიანთა უფლებების რიტორიკასაც - ოღონდ უმრავლესობის სამსახურში - და ზრუნავენ მედია პლურალიზმის სუროგატის შესაქმნელად.

ფრენსის ფუკუიამას ოცნება, რომ ისტორია სრულდება დემოკრატიის გლობალიზაციით, ფარსად შემოგვიბრუნდა. დღეს ფაქტობრივად არავინ, ისლამისტური ირანიც კი, არ ქადაგებს, მმართველების მუდმივობის უპირატესობას, არ ილაშქრებს ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ. არსებული გროტესკული ტოტალიტარული რეჟიმები - ისლამური ხალიფატი თუ ჩრდილოეთ კორეა, ანდა საუდის არაბეთის მსგავსი აბსოლუტური მონარქიები ის გამონაკლისებია, რომლებიც მხოლოდ ადასტურებენ საერთო წესს. ლიბერალური დემოკრატიის გარეგანი მახასიათებლები საყოველთაო სტანდარტად იქცა.

მაგრამ ასეთ ფანტომური დემოკრატიების მიერ მორგებულ ლიბერალურ სამოსს სული აკლია: ისინი გამოშიგნულნი არიან ჯონ ლოკის თუ ედმუნდ ბარკის მიერ ნალოლიავები გონისა და ქმედების თავისუფლების იდეალებისაგან. შედეგად, ჩავესები თუ პუტინები ადგებიან ისეთ ბილიკს, რომელსაც დემოკრატია ოხლო თუ პლუტოკრატიებისაკენ მიჰყავს.

ზაქარიასეული არალიბერალი დემოკრატებიესა თუ კრასტევის „ორეულების" ნარატივებს კოლექტივიზმის აღზევებაც ახასიათებს ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ. უმრავლეს შემთხვევებში, ევროპასა და ამერიკაში ეს ნაციონალიზმის, ნაციის ინტერესების პირად თავისუფლებაზე უპირატესობის პრინციპის გაცოცხლებაა.

დღევანდელი დემოკრატ-ორეულები არ გამოირჩევიან იდეოლოგიის ორიგინალობით. ისინი, ერთგვარად, პარაზიტირებენ ლიბერალიზმის კლასიკოსების ნაღვაწის ფარგლებში. პრაქტიკაში კი წარმოადგენენ იმის ნიმუშს, რაზეც ჯერ კიდევ არისტოტელე გვაფრთხილებდა, როდესაც ზოგადად, სახალხო მმართველობის საფრთხეებზე მიუთითებდა. ამავე დროს, ის რაც ზაქარიამ და კრასტევმა აღწერეს, ჯან ბოდრიარისეული პოსტმოდერნული სათვალითაც შეიძლება დავინახოთ: ლიბერალიზმის ასლი, თუ ასლის ასლი, კარგავს კავშირს ორიგინალთან და მხოლოდ საკუთარი თავის რეპროდუცირება-რეკლამირებას ეწევა.

თვალთმაქცი ორეულების გაჩენა ლიბერალიზმის კრიზისის მხოლოდ სიმპტომია. კრიზისის სიღრმისეული მიზეზი ლიბერალური ისტებლიშმენტის შესუსტებულ უნარებში უნდა ვეძიოთ. ლიბერალური ღირებულებების მატარებელ პარტიებს, როგორც პოლიტიკური სპექტრის მარჯვნივ, ისე მარცხნივ, სულ უფრო უჭირთ თანამედროვე, კომპლექსური საზგადოებების მართვა. ეს საზოგადოებები სულ უფრო ნაკლებად იყოფა „მემარჯვენე" და „მემარცხენე" პარტიების ტრადიციულ სამწყსოებად. საზოგადოების პოლიტიკურმა განშრევებამ სხვა განზომილებებში გადაინაცვლა, რასაც იდეოლოგიურ დუალიზმში ჩაფლულმა ლიბერალურმა პარტიებმა ფეხი ვეღარ შეუწყვეს - მითუმეტეს, რომ საკუთარ კორპორატიულობაში გაიხლართნენ.

ხდება ისეც, რომ ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ამ ისტებლიშმენტის ცალკეული წარმომადგენლები თავად ირგებენ დემაგოგისა და პოპულისტის მანტიას ძალაუფლების შესანარჩუნებლად. წესით და რიგით, დონალდ ტრამპი თავად უნდა იყოს მეოცე საუკუნის ამერიკული ლიბერალური ელიტის სული და ხორცი. უოლ სტრიტი და პოლიტიკური თუ აკადემიური ისტებლიშმენტი უფროა მისი კლასობრივი სამყარო, ვიდრე საშუალოზე დაბალი შემოსავლის და განათლების დონის მქონე თეთრი ამერიკელები, რომელთაგან ბევრს პოლიტიკური მარგინალობის კომპლექსი აქვს. მაგრამ ტრამპისტთა ბირთვს სწორედ ისინი შეადგენენ. [1] შესაბამისად, ლიბერალებისათვის აღმაშფოთებელი ტრამპის რიტორიკა, ამ ამომრჩევლების ყურებისა და გულების გასაღები აღმოჩნდა .

ამგვარი პოლიტიკოსების წარმატებები„ორეულთა" ბანაკში არა მხოლოდ გარდამავალი დემოკრატიების, არამედ კონსოლიდირებული დემოკრატიული ქვეყნების გადაბარგების რისკსაც ზრდის. იმედია, ტრამპის წარმატების მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერალური ტრადიცია და მყარი ინსტიტუტები გადაეღობებიან ამ ქვეყნის დემოკრატიის ორეულად გადაქცევას.
 
დავით დარჩიაშვილი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი და წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატია (ენმ).



[1] ასე განსაზღვრავს ტრამპის სოციალურ ბაზას რანდ კორპორაციისა და რიგი სხვა ანალიტიკური ცენტრების კვლევები. იხ http://www.theatlantic.com/politics/archive/2016/03/who-are-donald-trumps-supporters-really/471714/

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.