24 აპრილი 2016
მოსაზრება

მაღალგანვითარებული უძლურება

ავტორი: იან ტეჰაუ / წყარო: Sophisticated States are Failing
ევროპა და ჩრდილო ამერიკა დასნეულებულია სახელმწიფოების მაღალგანვითარებული უძლურებით. მათი უსუსურობა დონალდ ტრამპისა და მარინ ლე პენის ჯურის პოლიტიკოსების ამბოხს ასულდგმულებს და დასავლურ საზოგადოებებს უკეთესი მომავლის შენებაში აფერხებს. განვითარებული სახელმწიფოების ეს ავადმყოფობა ავთვისებიანი სიმსივნესავით ხრავს საზოგადოებას და ძირს უთხრის ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რომელიც აქამდე სწორედ მათ მხრებზე იდგა.
 
ერთი შეხედვით, განვითარებული სამყაროს დემოკრატიულ ქვეყნებში თითქოს ყველაფერი რიგზეა. არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია. სასამართლოებიც მუშაობს და გადასახადებიც იკრიბება. პოლიციელებს ძირითადად ენდობიან, კორუფცია შედარებით უმნიშვნელოა, და საერთოდაც - საჯარო მართვის ინსტიტუტები ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო კოლაფსის კლასიკური ნიშნები სახეზე არაა. ერთი რამაა პრობლემაა - არაფერი კეთდება.
 
აგერ უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარგარეტ თეტჩერმა ბრიტანეთის დასნეულებულ ეკონომიკას ქირურგიული ჩარევა გამოუწერა. მას მერე, დასავლურ სახელმწიფოებში რეფორმები თითქმის არ გატარებულა. იცოცხლეთ, პოლიტიკოსები გვპირდებოდნენ ცვლილებებს - საპენსიო, შრომის ბაზრის, საგადასახადო და განათლების სისტემებში. ისინი ბევრს საუბრობდნენ მთავრობის ზომისა და ბიუროკრატიის შემცირებაზე.
 
თუმცა, თითებზე ჩამოსათვლელი გამონაკლისების გარდა, დიდად არაფერი შეცვლილა. შეპირებული რეფორმების უმრავლესობა კანონად ქცევამდე მიიცვალა. სწორედ ესაა სახელმწიფოების მაღალგანვითარებული უძლურება - გქონდეს მოქმედი სახელმწიფო, რომელიც ვერაფერს აკეთებს.
 
მაგალითები მრავლადაა: საფრანგეთის რამდენმა მთავრობამ დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო შრომის ბაზრის რეფორმირება; სილვიო ბერლუსკონიმ და ტონი ბლერმა ხალხის გადამწყვეტი მხარდაჭერა მოიპოვეს და ისე გაფლანგეს, არაფერი შეუცვლიათ; ევროს ზონამ საერთო ვალუტის ფეხზე დაყენება ვერა და ვერ მოახერხა.
 
ამ უძლურებას ბევრი მიზეზი აქვს. რთული, მრავალფეროვანი საზოგადოებების მართვა რთულია და რადგანაც კანონმდებლებმა ხშირად არ იციან (და ვერც ეცოდინებათ), თუ რა საარჩევნო შედეგს მოიტანს მათი მოქმედება, ისინი ამჯობინებენ საერთოდ არაფერი აკეთონ.
 
გლობალიზაციის მოტანილმა სიკეთეებმა, ჩინეთის ჩართვამ მსოფლიო ეკონომიკაში და დაბალმა საბანკო განაკვეთებმა დასავლეთში ისტორიულად უპრეცედენტოდ ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. პოლიტიკოსები გულარხეინები გახდნენ, ამომრჩევლებმა კი გადაწყვიტეს, რომ კეთილდღეობა მათი უფლებაა და არა მონაპოვარი.
 
ამომრჩევლები სულ უფრო თავქარიანები ხდებიან, საარჩევნო უმრავლესობის მოპოვება სულ უფრო რთულია. ჰოდა, პოლიტიკოსებიც თავს არიდებენ მნიშვნელოვან თემებს და არც რისკზე მიდიან. როგორც ჟან კლოდ იუნკერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, პოლიტიკოსებმა „ზუსტად იციან რა გააკეთონ, მაგრამ არ იციან ამის მერე როგორ მოიგონ არჩევნები".
 
სანამ ეს დილემა გადაუწყვეტელია, ინსტიტუტების პარალიჩი გაფართოვდება. დროთა განმავლობაში, იმედგაცრუება დაილექა, დაგროვდა. სულ უფრო მეტი ამომრჩეველი ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას. პოლიტიკურ ელიტას კი სტატუს კვო არ ეთმობა. ჰოდა, უმტკივნეულოდ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობებიც ზედიზედ იფლანგება. შედეგად, უკმაყოფილება პოლიტიკური სამყაროს პერიფერიიდან თანდათან ცენტრისკენ ინაცვლებს.
 
პოპულიზმი - გინდ მემარჯვენე, გინდ მემარცხენე - სახელმწიფოების მაღალგანვითარებულ უძლურებას ვერ დაძლევს. პოპულისტები - გინდ ბატონი ტრამპი და გინდ ქალბატონი ლე პენი - მტკივნეულ პრობლემებზე ხშირად კი სწორად მიუთითებენ, მაგრამ მათი გადაჭრის გზების შესახებ წარმოდგენაც არა აქვთ.
 
ამ უძლურობის დაძლევის ერთადერთი გზაა, პოლიტიკოსებმა არჩევნებზე ნაკლებად იდარდონ და თავიანთი პოლიტიკური კარიერა სასწორზე შეაგდონ იმისათვის, რომ გასაკეთებელი გაკეთდეს - როგორც ეს თეტჩერმა გააკეთა 1980-იან წლებში, და როგორც გერჰარდ შროდერმა მოახერხა გერმანიის შრომითი ბაზრის გაჯანსაღებისას 2000-იანი წლების შუა ხანებში.
 
თუ ასეთ რისკზე ნორმალური პოლიტიკოსები არ წავლენ, მათ ადგილს ბევრად უფრო ნაკლებად მიმზიდველი ტიპაჟები დაიკავებენ. სახელმწიფო ინსტიტუტები საფუძვლიანად დაზიანდება, ზედაპირზე კი აქამდე დაფარული, ქვენა, ბნელი პოლიტიკური ინსტინქტები ამოტივტივდება. მაღალგანვითარებული უძლურებით დასნეულებული სახელმწიფო უბრალოდ ჩამოიშლება.

იან ტეჰაუ (Jan Techau) კარნეგის ევროპული ცენტრის (ბრუსელი) დირექტორია. სტატია თავდაპირველად ფაინეშინლ ტაიმსში გამოქვეყნდა.
 
იმავე ავტორისაგან:

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.