27 იანვარი 2018
ანალიზი

მაკრონი ყალბი ამბების წინააღმდეგ

ავტორი: რეჟის ჟენტე / წყარო:
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. მის განსაკუთრებულ შეშფოთებას რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იწვევს, მაგრამ საზრუნავი სხვაც ბევრი აქვს.

ახალი წლის 3 იანვარს, ელისეს საპრეზიდენტო სასახლეში, მაკრონმა ტრადიიული მიღება გამართა პრესისათვის  და ყალბი ამბების საწინააღმდეგო ახალი კანონპროექტიც წარადგინა. „გადავწყვიტე, რომ ჩვენი კანონმდებლობა უნდა შევცვალოთ, რათა ჩვენი დემოკრატიული ცხოვრება ყალბი ახალი ამბებისაგან დავიცვათ," თქვა მაკრონმა.

„თუ გვინდა შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, კანონმდებლობაც უნდა გავამკაცროთო," დაამატა მან.

პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ კანონი მხოლოდ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდს შეეხება, განსაკუთრებით ინტერნეტში, „სადაც შინაარსობრივი ნაწილის მხრივ წესები შეიცვლება". ჯერჯერობით ელისეს სასახლე დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია, რომ ვებ-გვერდებს მოუწევთ იმის ნათლად განცხადება, თუ ვინ აფინანსებს მათ და რა ოდენობით. სასამართლოს დროებითი პროცედურის ძალით შესაძლებელი იქნება გარკვეული ინფორმაციის ინტერნეტიდან ამოღება, ვებ-გვერდზე მიმავალი ბმულების გაუქმება და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვებ-გვერდზე წვდომის ბლოკირებაც კი.

მაუწყებლობის მარეგულირებელი ფრანგული სააგენტო, აუდიოვიზუალური ინფორმაციის უმაღლესი საბჭო (CSA) კი დამატებით გაძლიერდება, რათა „ებრძოლოს უცხო სახელმწიფოების კონტროლს ქვეშ მყოფი სატელევიზიო მაუწყებლების მხრიდან დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას."  საბჭოს კანონით ევალება პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფაა ისე, რომ რესპუბლიკის ძირითადი ღირებულებები არ დაზარალდეს.

პრეზიდენტ მაკრონს არაფერი უთქვამს ახალი კანონმდებლობის სამიზნეების შესახებ. მან მხოლოდ „არალიბერალური დემოკრატიები" ახსენა. თუმცა, ცოტა ვინმე თუ ეჭვობს, რომ მათში რუსული წყაროები RT (Russia Today) და სპუტნიკიც (Sputnik) იგულისხმა.

2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ამ ორი წყაროს მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი თავად მაკრონიც იყო. მაშინ, „სპუტნიკმა" ფრანგ დეპუტატ ნიკოლას დიუიკთან ინტერვიუ დაბეჭდა, სადაც დიუიკი ისე ამბობდა მაკრონს ფარული გეი ცხოვრება აქვსო, თითქოს ეს უკანონო იყო და თანაც ამის არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავდა. მეტიც, მაკრონის კამპანიის წარმმართველი შტაბის თქმით, მათი ქსელები, მონაცემთა ბაზები და ვებ-გვერდები რუსეთში რეგისტრირებული მისამართებიდან შეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა.

მაკრონმა ამგვარი ქცევა მკაცრად გააკრიტიკა გასული წლის 29 მაისს, თანაც მაშინ, როცა ვერსალის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტი მის გვერდით იდგა. სამეფო ბრწყინვალებით აღსავსე ვერსალში პუტინის მიღება თაყვანისცემითა და ფუფუნებით იყო გამორჩეული, მაგრამ პრეს-კონფერენციაზე მაკრონმა RT და სპუტნიკი მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა: „ისინი მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების შესაფერისად კი არა, გავლენისა და პროპაგანდის - მატყუარა პროპაგანდის - აგენტების მსგავსად იქცევიან. არც მეტი, არც ნაკლები," თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ელისეს სასახლეს RT-ს ქცევა დღესაც გულში აქვს ჩარჩენილი - 2018 წლის 10 იანვარს ამ მაუწყებლის ჟურნალისტს არ მისცეს უფლება რომში მიმდინარე სამიტს დასწრებოდნენ, 15 იანვარს კი პრეზიდენტის სპიკერის ბრიფინგზე არ შეუშვეს. „თქვენ არა ხართ ჟურნალისტი, ჩვენ მხოლოდ ჟურნალისტებს ვიწვევთ," ასე უპასუხია რუსი ჟურნალისტისთვის პრეზიდენტის პრეს-ატაშეს.

ჟურნალისტისადმი ამგვარმა მოპყრობამ ფრანგულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია კი გამოიწვია, მაგრამ დიდი შეშფოთება არ მოჰყოლია. ალბათ იმიტომ, რომ „ყალბი ამბების" ტერმინი საფრანგეთისთვის შეიძლება ახალი იყოს, მაგრამ მოვლენა, რასაც ის ასახავს - სულაც არაა ახალი. საფრანგეთის 1881 წლის კანონი პრესის თავისუფლების შესახებ (რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია), მის 27-ე მუხლში ჯერ კიდევ მიღების დღიდან ამბობს: „სიცრუეზე დამყარებული ამბების გამოქვეყნება, მაუწყებლობა ან გამეორება, ნებისმიერი საშუალებით, ისჯება ჯარიმით” - დღეისათვის ჯარიმის ოდენობა 45 ათასი ევროა.
    
ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის, ანტონი ბელანჟერის (Anthony Bellanger) თქმით, სიახლე ყალბი ამბების შექმნისა და გავრცელების სისწრაფეშია. ფრანგი კანონმდებლები ყოველთვის ერიდებოდნენ იმის განსაზღვრას, თუ კერძოდ რა წამოადგენს „სიცრუეზე დამყარებულ ინფორმაციას", რადგან სიტყვის თავისუფლება რესპუბლიკის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებაა. ბუნებრივია, სანქციების გამოყენება კიდევ უფრო რთულდება თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის გავრცელების არეალი სახელმწიფო საზღვრებით ვეღარ იზღუდება.  

4 იანვარს, გაზეთ „ლე მონდის" სარედაციო სტატიაში ვკითხულობთ: „[პრეზიდენტ მაკრონის] საკანონმდებლო ამბიცია ისეთ ცვალებად და რთულ სფეროში, როგორც ციფრული ტექნოლოგიებია და ისეთ საკვანძო საკითხზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, საფუძველშივე სახიფათოა. ინფორმაციის ხარისხისა და სანდოობის დაცვისათვის ბრძოლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია(...) ეს ბრძოლა განათლებით იწყება და ახალი ამბების შემქმნელი მედიის საქმიანი მართვის მოდელების დაცვაზე გადის. უკვე არსებული კანონების შეცვლა ფრიად იოლი რამაა," წერდა ეს გავლენიანი გამოცემა.

პრეზიდენტ მაკრონს ახალი კანონის მიღება მხოლოდ რუსული წყაროების გავლენის შესაზღუდად როდი სურს. აშშ-დან მომუშავე „ბრეიტბარტის ახალი ამბების ქსელი" (Breitbart News Network) გასულ წელს ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების მხარდაჭერას ცდილობდა. როგორც ჩანს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ორ ტურს შორის სწორედ ამ ქსელმა გაავრცელა გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, მაკრონს ფული ოფშორულ ანგარიშებზე აქვს გადამალულიო. ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და - ბუნებრივია - სიამოვნებით აიტაცა რუსულმა მედიამაც.

თუმცა, პრეზიდენტ მაკრონს გარე გავლენის საშიშროებაზე უფრო საფრანგეთის მოქალაქეების სახელმწიფოსადმი უნდობლობა უფრო ადარდებს, რაც - მისი აზრით - პოლიტიკური და მორალური კრიზისის საფუძველია. როცა საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენები რესპუბლიკურ ღირებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ, მათი მანიპულირება „ყალბი ამბების" სხვადასხვა ჯურის მიმწოდებლებს სულ უფრო უადვილდებათ, ხოლო ტრადიციული მას-მედიის ლანძღვა სულ უფრო ხმამაღლა გაისმის.

დღეს RT და სპუტნიკი საფრანგეთში დიდი გავლენით არ სარგებლობენ. ორივე წყარომ ფრანგულენოვანი ვებ-გვერდი 2014 წელს გახსნა, ხოლო RT-ს ფრანგულენოვანი ტელეარხი ეთერში 2017 წლის 18 დეკემბერს გავიდა. ამ მაუწყებელში 150 ადამიანი მუშაობს, მაგრამ ჟურნალისტებს შორის ცნობილი სახეები არ ჩანან. დღეისათვის, ეს არხი საფრანგეთის სამი დიდი საკაბელო ქსელიდან მხოლოდ ერთით ვრცელდება.

თუმცაღა, დამკვირვებლები ამბობენ, რომ მათ ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ. რუსულენოვანი ინტერნეტის ექსპერტი კევინ ლიმონიე (Kevin Limonier) გვეუბნება, რომ RT-ს აუდიტორიის ზრდის ფაქტორებია (ა) ტელეარხის ერთგული მაყურებლები; (ბ) იმ ბლოგების მკითხველები რომლებიც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიასთან დგანან ახლოს და „უკეთ ინფორმირების" მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას; და (გ) იმ ტექნიკური ხრიკების გამოყენება, რაც რუსული წყაროების მიერ გავრცელებული ამბების აუდიტორიას სოციალური მედიით ხელოვნურად აფართოებს.

ლიმონიეს თქმით, ამგვარი მიდგომა სრულიად შეესაბამება იმ სივრცეში მუშაობას, რასაც რუსული ტერმინი „საინფორმაციო ველი" და „საინფორმაციო უსაფრთხოების" რუსულივე კონცეფცია აღწერს. ეს ყოველივე კი „ინფორმაციაზე კონტროლის ჯერ კიდევ საბჭოური პერიოდიდან გადმოყოლილ ჩვევას" უკავშირდება.
    
ნათელია, რომ RT დღეს გლობალური ამბიციის მქონე ტელევიზია და, ამავე დროს, კრემლის ხელში დასავლურ ღირებულებებთან საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ტელეკომპანიის დევიზი მაყურებლებს „დასვან მეტი შეკითხვა", კვებავს რა მათ დასავლური მედიისა და პოლიტკოსების მტკიცებათა ჭეშმარიტებაში ეჭვის შესატანი მასალით.

სწორედ ამიტომაა, რომ ამ არხის თითოეული უცხოენოვანი ვერსია (არაბული, ინგლისური, ესპანური და ფრანგული) თავის რეგიონსა და მაყურებელზეა გათვლილი. ფრანგული RT აღარ დაგიდევთ სოციალურ და ეკონომიკურ თემატიკას. სამაგიეროდ, აგრესიულად კონსერვატიულ პოზიციაზე დგას. მის სიუჟეტებში, ერთიანი ევროპა ანგრევს ერ-სახელმწიფოებს, ხოლო ნატო სამხედრო ავანტიურებში ითრევს მათ.
აუდიოვიზუალური ინფორმაციის უმაღლესმა საბჭომ უკვე გააფრთხილა RT, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეს. თუკი პრეზიდენტი მაკრონი ახალი კანონის მიღებას მოახერხებს, რუსულ მაუწყებელს გამოგონილი ამბების გარეშე მოუწევს თავის გატანა, რაც ადვილი არ იქნება.

თუცაღა, RT-ს იმ ფრანგების იმედი შეიძლება ჰქონდეს, ვისაც მართლა სჯერა, რომ რუსული ტელეარხი მათ ტვინს კი არ ურეცხავს, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ამბების ალტერნატიულ ხედვას მართლაც სთავაზობს.

რეჟის ჟენტე თბილისში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტია. ის საქართველოს და რეგიონის მოვლენებს აშუქებს ლე ფიგაროსა და რადიო ფრანს ინტერნაციონალისათვის 2002 წლიდან.


Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.