18 იანვარი 2018
ანალიზი

როგორ ვებრძოლოთ ევროპის არალიბერალურ ღერძს

ავტორი: სლავომირ სიერაკოვსკი / წყარო: How to Break Up Europe’s Axis of Illiberalism
დასავლელი მიმომხილველები ხშირად ერთ ქვაბში ხარშავენ ევროპის ორ მთავარ მემარჯვენე პოპულისტს - უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანსა და პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის.
 
კაჩინსკი უკვე დიდი ხანია გვპირდება, ვარშავაში ბუდაპეშტს გავიმეორებო და ამაში ორბანისეული „არალიბერალური დემოკრატიის" მოდელის პოლონეთში განხორციელებას გულისხმობს, რომელიც უნგრელმა ლიდერმა თავის 2014 წლის საპროგრამო გამოსვლაში წარადგინა. 2016 წელს ორმა ლიდერმა განაცხადა, ევროკავშირის შიგნით „კულტურულ კონტრ-რევოლუციას" ვიწყებთო.
 
ჰოდა, როცა ევროკავშირმა იმავე წლის დეკემბერში პოლონეთს შეუტია, ორბანმა დაიფიცა „პოლონეთს დავიცავო", რაშიც გულისხმობდა რომ უნგრეთი ევროკავშირში ვარშავის წინააღმდეგ დაგეგმილ სანქციებს ვეტოს დაადებდა. ჯერჯერობით არც სანქციები ჩანს და არც ორბანის ვეტო. დღეისათვის, კაჩინსკის და ორბანს მართლაც შეუძლიათ ერთმანეთისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებით, ერთმანეთს ევროკავშირის სასჯელი აარიდონ.
 
თუმცა, თუკი ბრიუსელს მართლაც სურს, ორი პოპულისტის თამაშის წესებს არ დაემორჩილოს, ამ ორ ლიდერის ერთმანეთისაგან გამიჯვნა უნდა ისწავლოს. ამისათვის კი ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ თითოეულის ძლიერი და სუსტი მხარეები და მიხვდნენ, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთისგან საფუძვლიანად განსხვავდება.
 
პოლონეთისაგან განსხვავებით, უნგრეთში პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციას თან ახლდა სიმდიდრის ურცხვი დაგროვებაც. ორბანის უახლოესი მეგობრები, ვისთან ერთადაც მან პარტია ფიდეში (Fidesz) შექმნა, დღეისათვის უნგრეთის უმდიდრესი ადამიანები გახდნენ. სახელმწიფო შესყიდვების წყალობით, პრემიერის ბავშვობის მეგობარმა და ამასთან მისი მშობლიური ქალაქის მერმა უნგრეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში შარშან მეხუთე ადგილზე აინაცვლა. ორბანის მმართველობის ქვეშ გამდიდრებულთა სიაშია მისი მეგობარი იშტვან გარანჩი, ვისი სიმდიდრეც ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასამმაგდა, და იშტვან ტიბორში, პრემიერის სიძე.
 
პოლონეთში კაჩინსკის ახლობლებს სახალხო სიმდიდრე ასე უსინდისოდ არ მიუთვისებიათ. კორუფციის აღქმის ინდექსში, რომელსაც ტრანსპარენსი ინტერნეიშენელი ადგენს, პოლონეთი 2016 წლისთვის პატივსაცემ 29-ე ადგილზე იყო, უნგრეთი კი 57-ე ადგილს იზიარებდა მალაიზიას, რუმინეთსა და კუბასთან ერთად.
 
თუკი ორბანის "არალიბერალური დემოკრატია" უნგრეთში უკვე კანონმდებლობაშია განმტკიცებული, პოლონეთში კაჩინსკის სისტემას მსგავსი მხარდაჭერა არა აქვს. ორბანს აღარ სჭირდება კონსტიტუციის დარღვევა, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური გავლენა კაჩინსკიზე ბევრად უფრო მაღალია და კონსტიტუცია უკვე დიდი ხანია სათავისოდ შეცვალა. სწორედ ამის გამო, ევროკავშირს შეუძლია თავისი ხელშეკრულების მეშვიდე მუხლით გათვალისწინებული სანქციები პოლონეთის მიმართ გამოიყენოს, ხოლო უნგრეთის შემთხვევაში ხელები აქვს შეკრული.
 
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ფიდეშს უნგრელების 70% უჭერს მხარს. პოლონეთში ასეთი მაღალი შედეგი წარმოუდგენელია - კანონისა და სამართლიანობის პარტიის საუკეთესო მაჩვენებელი გამოკითხვებში 47% იყო, ხოლო არჩევნებში მას ხმების 38%-ზე მეტი არასოდეს მიუღია.
 
ორბანს ნაციონალისტური პოლიტიკის წამოებისთვის ბევრად უფრო ნოყიერი საფუძველი აქვს. უნგრეთში ბოშათა დიდი - და ბევრი უნგრელისთვის საზიზღარი - თემია, რომლის რიცხოვნებასაც 450 ათასიდან ერთ მილიონ ადამიანამდე ვარაუდობენ. თუ დემოგრაფიული ტენდენციები შენარჩუნდა, 2050 წლისთვის ბოშები უნგრეთის მოსახლეობის 15%-ს შეადგენენ. ამასთან, უნგრეთი ევროპისაკენ ლტოლვილების მიმავალი გზის შუაში მდებარეობს, რასაც ორბანი აქტიურად იყენებს ანტი-მიგრანტული განწყობების გასაღვივებლად. ამისაგან განსხვავებით, პოლონეთი ეთნიკურად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგვაროვანი ქვეყანაა, სადაც მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობები არც არიან - გარდა უკრაინელებისა, რომლებიც უკანასკნელ ხანებში იქ მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შემოვიდნენ.
 
ნაციონალისტური დღის წესრიგის მხარდასაჭერად ორბანს უნგრელების დიდი დიასპორის იმედი აქვს - რუმინეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და სერბეთში მილიონობით უნგრული წარმოშობის ადამიანია და მათთვის საარჩევნო უფლების და დიდი პრივილეგიების მინიჭებით ორბანი ცდილობს ისინი თავისი პარტიისათვის საარჩევნო ოქროს საბადოდ აქციოს.
 
და ბოლოს, ორბანი ევროკავშირს აშინებს, თუკი ჩვენ დავსუსტდებით, ხელისუფლებაში კიდევ უფრო მემარჯვენე იობიკის (Jobbik) პარტია მოვაო. უნგრეთის ოპოზიცია გათითოკაცებული და დასუსტებულია. ორი მთავარი ოპოზიციური პარტია ერთმანეთს „კომუნისტებს" (უნგრეთის სოციალისტური პარტია) და „ფაშისტებს" (იობიკი) უძახის. მათ შორის თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია, რაც ძალაუფლებაზე ფიდეშის და ერთპიროვნულ კონტროლს ამყარებს.
 
მიუხედავად იმისა, რომ ორბანმა წარმატებით მოიხვეჭა და განიმტკიცა ძალაუფლება, უნგრეთი დასავლეთ ევროპაზე ბევრად უფროა დამოკიდებული ვიდრე პოლონეთი, რაც ევროკავშირს ხელში სერიოზულ ბერკეტს აძლევს. უნგრეთის ეკონომიკა ექსპორტზეა ორიენტირებული, პოლონეთისა კი ექსპორტის გარდა, შიდა მოხმარებასაც ემყარება. პოლონეთის შიდა ბაზარი უნგრეთისაზე ბევრად დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ პოლონეთს უნგრეთზე ოთხჯერ უფრო დიდი მოსახლეობა ჰყავს. უნგრეთს ევროპა სჭირდება.
 
შემთხვევითი არაა, რომ გასულ კვირას ორბანი თავის იდეოლოგიურ მოკავშირეებს ეწვია ბავარიაში. გერმანიის ქრისტიანულ სოციალისტური კავშირი (CSU), ამგელა მერკელის მმართველი პარტიის უმცროსი პარტნიორია. გერმანიას უნგრეთის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს: უნგრული ექსპორტის 30% გერმანიაში მიდის, ხოლო ყოველი მესამე სამუშაო ადგილი უნგრეთში გერმანული კომპანიების მიერაა შექმნილი. ეს ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, გერმანიას შეუძლია უნგრეთზე ბევრად უფრო სერიოზული გავლენა მოახდინოს, ვიდრე პოლონეთზე.
 
რაც ყველაზე მთავარია, ორბანი იდეოლოგიურად ოპორტუნისტია მაშინ, როცა კაჩინსკის მრწამსი გულწრფელია და მყარი. ორბანმა კარიერა უნგრეთიდან რუსების გაძევებით დაიწყო 1989 წელს, დღეს კი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პრო-რუსული პოლიტიკოსია. კაჩინსკის პოლიტიკურ კარიერაშიც ბევრი ცვლილება იყო, მაგრამ ამისდა მიუხედავად ის ერთგულია პოლონეთს ისტორიაზე დაფუძნებული ხედვისა, რომელიც ბევრი დასავლეთ ევროპელისთვის გაუგებარია.
 
კაჩინსკი პოლონური არისტოკრატიისათვის დამახასიათებელი კონსერვატიზმის მომხრეა, რომელმაც 18-ე საუკუნეში პოლონეთის დაშლა და გაქრობა მოიტანა. მე-16-მე-17 საუკუნეებში პოლონეთ ევროპის უდიდესი, ყველაზე ტოლერანტული და ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა იყო - თუმცა, ბუნებრივია პოლიტიკაშ მხოლოდ არისტოკრატიული კლასი მონაწილეობდა. მაშინდელი წესი მოითხოვდა, რომ კანონები ერთხმად მიეღოთ. შედეგად, პოლონელი არისტოკრატები ოლიგარქების თოჯინებად იქცნენ, რომელთა ნაწილი ფულს რუსეთიდან იღებდა, ნაწილი კი პრუსიიდან. შედეგად, მე-18ე--ე საუკუნეში პოლონეთი უდიდესი სახელმწიფოდან რუსეთის პროტექტორატად იქცა.
 
ეს ქვეყანა დღესაც სახიფათო მიმართულებით მიდის, იკეტება და თავს საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. პოლონეთი სულ უფრო ნაკლებად ტოლერანტულია, ნაკლებადაა ჩართული საგარეო ურთიერთობებში, და სულ მალე შეიძლება გამოცდილი დიპლომატებიც დაკარგოს. მმართველი პარტია პარლამენტში კანონს ლობირებს, რომელმაც შეიძლება 100-მდე დიპლომატის გათავისუფლება გამოიწვიოს, ვინც სამინისტროში 1990 წლამდე მუშაობდა იმ ნიადაგზე, რომ ისინი კომუნიზმს უჭერდნენ მხარს. ამგვარი უხეში ჩარევა დიპლომატიურ კორპუსს მმარველი პარტიის ინსტრუმენტად აქცევს.
 
თუ კაჩინსკი ფანატიკოსია, ორბანი მხოლოდ ცინიკოსია. კაჩინსკისთვის პრაგმატიზმი სისუსტის ნიშანია; ორბანისთვის კი პოლიტიკის არსი. პრაგმატული ლიდერები, როგორც წესი, საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ არ მიდიან და პოლიტიკურ ხარა-კირისაც იშვიათად იკეთებენ.
 
ამის გამო, კაჩინსკი ორბანის უპირობო მხარდაჭერას არ უნდა ელოდეს, თუკი ბრიუსელი ბუდაპეშტის მიმართ ტონს გაამკაცრებს. თუკი უნგრეთის პოზიცია ბუდაპეშტის ხაზინაში ევროკავშირის ფონდების შემოდინებას დაემუქრება, ორბანი სავარაუდოდ ხელს აიღებს კაჩინსკის მხარდაჭერაზე. მეშვიდე მუხლი ორბანს არ აშინებს - ის თავის დროზე არ დასაჯეს და ახლა ძველი გადაცდომებისთვის ვერავინ შეეხება, განსაკუთრებით, თუკი კაჩინსკის მხარდაჭერაზე ხელს აიღებს. ორბანმა ერთხელ უკვე უგანა თავის მეგობარს და მხარი დაუჭირა კაჩინსკის პოლიტიკურ მტრის, დონალდ ტასკის არჩევას ევროპულ საბჭოში.
 
ორბანის დამარცხება უნგრეთში შეუძლებელია, კაჩინსკის დამარცხება პოლონეთში - ჯერ კიდევ რთულია. მაგრამ ბრიუსელს შეუძლია დაანგრიოს მათ შორის ალიანსი თუკი მიხვდება, რომ კაჩინსკი ფეხს არ მოიცვლის, ხოლო ორბანის მოქრთამვა - შეიძლება.
 

სლავომირ სიერაკოვსკი, ვარშავის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის დირექტორი და Krytyka Polityczna მოძრაობის დამფუძნებელია

 
 

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.