24 აპრილი 2017
ანალიზი

საფრანგეთის ბუნდოვანი მომავალი

ავტორი: რეჟის ჟენტე / წყარო:
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, კვირას 20:00 საათზე უდიდესმა ფრანგულმა ტელეარხებმა გამოაცხადეს, რომ მეორე ტურში პრეზიდენტის სავარძლისათვის ერთმანეთს 39 წლის ემანუელ მაკრონი და 48 წლის მარინე ლე პენი შეებრძოლებიან.
 
წინასწარი მონაცემებით პრეზიდენტობის უფრო რეალური შანსი მაკრონსა აქვს - პოლიტიკოსს, რომელსაც ორწლინახევრის წინ ცოტა ვინმე თუ იცნობდა. პირველ ტურში წარუმატებელმა ბევრმა ლიდერმა უკვე მოუწოდა თავის ამომრჩეველს ხმა მაკრონს მისცენ და ამით „რესპუბლიკური ფრონტი" შექმნან ულტრა-მემარჯვენე ლე პანის წინააღმდეგ.
 
თითქმის საბოლოო მონაცემით მაკრონმა ხმების 23,8% მიიღო, ლე პენმა 21,4% და ორივემ საგრძნობლად გაუსწრო მემარჯვენე კანდიდატ ფრანსუა ფიიონს (19,9%), რომელსაც ძვირად დაუჯდა ოჯახის წევრების სახელმწიფო სამსახურში აყვანა. მეოთხე ადგილზე რადიკალი მემარცხენე „ამბოხებული საფრანგეთის" ლიდერი ჟან-ლუკ მელენშონი გავიდა 19,6%-ით.
 
ერთი შეხედვით, მოსახდენი მოხდა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი, რომელთაგან ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს ანგელა მერკელს ეწვია (მაკრონი, 16 მარტს), მეორე კი ვლადიმირ პუტინს (ლე პენი 24 მარტს). ამ მხრივ ყველაფერი ნათელია, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
 
ლე პენის ტაქტიკა და რადიკალების მომავალი
 
სწორედ მერინე ლე პენი ცდილობს მომავალი არჩევანი შავ-თეთრ ფერებში წარმოაჩინოს. შედეგების გამოცხადებიდან ერთი საათის შემდეგ ლე პენმა განაცხადა, რომ ფრანგ ამომრჩევლის წინაშე მდგარი „მთავარი გამოწვევა ველური გლობალიზაციაა, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ემუქრება. ლე პენის გამოსვლაში კმაყოფილებაც გამოსჭვიოდა იმით, რომ მან 2012 წლის არჩევნებზე (17,9%) მეტი ხმა მიიღო და იმედგაცრუებაც, რადგან ამჯერად მას პირველ ადგილზე გასვლის იმედი ჰქონდა.
 
ლე პენმა იცის, რომ არჩევნების მეორე ტურში, 7 მაისს, მას გამარჯვების ცოტა შანსი აქვს. პირველი გამოკითხვებით, ამ ტურს მაკრონი 62 პროცენტით მოიგებს ლე პენის 38-ის წინააღმდეგ. მისი მთავარი ამოცანაა, თავი წარმოაჩინოს მთავარ ოპოზიციურ ძალად, პოლიტიკური ელიტის ალტერნატივად. გუშინდელი შედეგები მის „ნაციონალურ ფრონტს" 2017 წლის არჩევნებისთვის სასურველ ტრამპლინს შეუქმნის. ცდებიან ისინი, ვინც ამბობს, რომ გუშინ ულტრამემარჯვენეები დამარცდნენ.

ანტიპოდები მეორე ტურში
 
ლე პენი მართლაც მაკრონის ანტიპოდია. მისი საარჩევნო პროგრამის საფუძველში გლობალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა და „საფრანგეთის სუვერენიტეტის აღდგენაა". მას იმედი აქვს, რომ პუტინთან და ტრამპთან ერთად მსოფლიო ერი-სახელმწიფოების წესრიგს დაუბრუნდება და გლობალიზებულ ფინასურ ელიტებს დაამხობს. ამიტომაც, მისი საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი ბევრად უფრო „სოციალისტურია", ვიდრე მამამისის, პარტიის დამაარსებლის ჟან-მარი ლე პენის, რომელიც უფრო ლიბერალურ-კორპირატისტულ იდეებს ემხრობდა. ლე პენი ამბობს, რომ მის ხელში საფრანგეთი დატოვებს ევროკავშირსა და ნატოს, გაემიჯნება ევროზონას და მიმოქცევაში ფრანგულ ფრანკს დააბრუნებს.

მაკრონმა კარიერა საჯარო სამსახურში დაიწყო, ფინანსურ ინსპექციაში, შემდეგ კი როტშილდის კომპანიაში მუშაობდა საინვესტიციო ბანკირად. მისი პროგრამა ლიბერალურია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ის ევროკავშირისა და ნატოს თანმიმდევრული მხარდამჭერია და სწამს, რომ საფრანგეთისთვის მსოფლიოს მიმართ გახსნილობა უფრო მომგებიანია.

მისი მოწინააღმდეგეებისათვის, მაკრონი „ფინანსური ოლიგარქიის" და „პოლიტიკური სისტემის" განუყოფელი ნაწილია. ისინი ამბობენ, რომ მაკრონი ბრმაა ფინანსური სისტემის იმ უარყოფითი მხარეების მიმართ, რამაც მსოფლიო ღრმა კრიზისამდე მიიყვანა, ხოლო საფრანგეთში ღრმა პოლიტკური კრიზისიც გამოიწვია.
 
გუშინ, ფრანგი ამომრჩევლის 50%ზე ცოტა ნაკლებმა მისცა ხმა კანდიდატებს, რომლებიც მათ ან ევროკავშირის დატოვებას ჰპირდებოდნენ, ანდა მის ღრმა რეორგანიზაციას უჭერდნენ მხარს ისე, რომ „ფინანსისტების ევროპა" გამქრალიყო.
რთული და სახიფათოცაა იმის იგნორირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლის წინააღმდეგობა ევროკავშირისადმი.

ვინა ხართ, ბატონო მაკრონ?
 
მაკრონის გამარჯვება რთული შესაფასებელია. ის კი ცხადია, რომ მას არ მოუგია პლებესციტი ევროპისა და გახსნილობის მხარდასაჭერად. არჩევნებზე მოსული ფრანგების 77%-იდან მას მხარი 23,8%-მა დაუჭირა. თუმცა ისიც მართალია, რომ მაკრონის მეტეორიტისებული აღმასვლა ფრანგული პოლიტიკისთვის აქამდე გაუგონარი მოვლენაა.

მისი მთავარი საარჩევნო ტაქტიკა იყო გაქცეოდა მემარჯვენე-მემარცხენეებად ტრადიციულ დაყოფას და ამ ტაქტიკამ კარგად იმუშავა. კეთილი, მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? არის კი მაკრონი უკვე გვარიანად დაავადებული მეხუთე რესპუბლიკის უკანასკნელი ლიდერი?

მეხუთე რესპუბლიკისათვის დამახასიათებელმა მკვეთრი გაყოფამ მემარჯვენე და მემარცხენე მიდგომებს შორის დრო მოჭამა. ბევრი ფრანგი ამომრჩეველი ორივე მიმართულების მიდგომებში ხედავენ უპირატესობას და ლიდერისგან ამ იდეების განხორციელებას მოელიან. მაკრონი ამბობს, რომ ის პოლიტიკას სრულიად ახლებურად მიუდგება, თუმცა საკითხავია, არის კი ეს შესაძლებელი?

ნათელია, რომ მაკრონს შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ფრანსუა ოლანდს სურდა, მაგრამ საკუთარი პარტიის შიგნიდან სერიოზული წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა. მას სურდა სოციალ-დემოკრატიულ ხაზს მიყოლოდა, შეექმნა სამუშაო ადგილები მათ შორის შრომითი კანონმდებლობის რეგულაციების მოდუნებით. ასეთი „ლიბერალური" გადახვევების უფლება ოლანდს სოციალისტური პარტიის მარცხენა ფლანგმა არ მისცა.

მაკრონს პარტია არ ბოჭავს. საარჩევნო კამპანიის დროს, მან განაცხადა რომ ის „შრომის კანდიდატია" და რომ ის შექმნის სამუშაო ადგილებს ფრანგი ხალხის „ენერგიის გამოთავისუფლების" ხარჯზე. ამაში პირველ რიგში ბიუროკრატიის შეზღუდვა და გადასახადების სისტემის გამარტივება იგულისხმებოდა. თუკი მაკრონი ამას მოახერხებს და საფრანგეთის ეკონომიკაც და სამუშაო ადგილებიც ზრდას დაიწყებს, ქვეყანა მძიმე კრიზისს დააღწევს თავს. თუარადა, ლე პენს ნათელი მომავალი აქვს....საფრანგეთს კი მიხაკისფერი.

ბრძოლა მართვის უფლებისათვის

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მაკრონისათვის თავისი პროგრამის განხორციელების ერთადერთი გზა საპარლამენტო უმრავლესობის მოგება და, ამდენად, თანამოაზრე მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაა. ამ მიზნის მისაღწევად ზურგსუკან ძლიერი პარტიის არყოლა უდიდესი წინაღობაა.

ნათელია, რომ მაკრონის გუნდის ჩონჩხს სასიკვდილო სარეცლზე მწოლი „სოციალისტური პარტიის" ზომიერი, სოციალ-დემოკრატიული ფრთა შეადგენს. დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტ ოლანდის მარჯვენა ხელი ჟან-ივ ლე დრიანი ალბათ მაკრონის „ახალი" გუნდის ერთ-ერთი ბურჯი იქნება. ოლანდის კაბინეტების სხვა მძიმეწონოსნებს ალბათ მოუწევთ იტვირთონ პასუხისმგებლობა მმართველობის ხუთი წლისათვის, რომელსაც ბევრი - საკმაოდ უსამართლოდ - კატასტროფულად მიიჩნევს.
მაკრონის გუნდისათვის კიდევ ერთი დასაყრდენი ძალა ალბათ „მოდემი", პატარა, მაგრამ გავლენიანი ცენტრისტული პარტია იქნება, რომლის ლიდერი, ფრანგული პოლიტიკის ვეტერანი ფრანსუა ბაირუ მისი გულწრფელი მხარდამჭერია. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის შესაკოწიწებლად ეს ალბათ არ იქნება საკმარისი.

ფრანსუა ფიიონის, ალან ჟუპეს და ნიკოლა სარკოზის „რესპუბლიკელები" მაკრონს მეორე ტურში იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლის იმედი აქვთ. ფიიონი, რომლის ოჯახური მაქინაციები პარტიას მეორე ტურში გაუსვლელობად დაუჯდა, ალბათ დატოვებს სცენას. რესპუბლიკელებს მოუწევთ მოკლე ვადაში აღიდგინონ პარტიის ქმედუნარიანობა. მათთვის უმთავრესია მოიძიონ ადგილი პოლიტკურ სცენაზე და რა დაანებონ ლე პენს საკუთარი პარტიის წამოწევა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალისა.

მარცხენა ფლანგზე, სოციალისტური პარტია დაშლისთვისაა გახაზირებული. ჟან-ლუკ მელენშონის შთამბეჭდავმა საარჩევნო კამპანიამ მას მემარცხენე ვარსკვლავის სახელი დაუმკვიდრა და სოციალისტებიდან გამოქცეული რადიკალი მემარცხენეები ალბათ მას მიეკედლებიან. ამით მარცხენა ფლანგზე მუქი წითელი მიზიდულობის პოლუსი შეიქმნება.

კვირადღის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საფრანგეთის პოლიტიკური ველი ნამსხრევებად იქცა. თუკი მაკრონი ივნისში თავისით ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, მას კოალიციის შექმნა მოუწევს. მაგრამ ვისთან? ეს კითხვა მაკრონსაც და საფრანგეთსაც მომავალი კვირებისა და თვეების განმალობაში დიდ თავისტკივილს ჰპირდება.

რეჟის ჟენტე თბილისში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტია. ის საქართველოს და რეგიონის მოვლენებს აშუქებს ლე ფიგაროსა და რადიო ფრანს ინტერნაციონალისათვის 2002 წლიდან.
 

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.