5 ივლისი 2016
ანალიზი

ბრეგზიტის შემდეგ: წონასწორობის ძიებაში

ავტორი: ულრიხ შპეკი /
 
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. ფოტო: ევროკავშირი
 
ფედერალისტები, პრაგმატიკოსები თუ ნაციონალისტები?
 
 
ბრიტანეთის მთავრობას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, რას ნიშნავს იქ გამართული რეფერენდუმის შედეგები ქვეყნის ევროკავშირში წევრობისათვის. ამასობაში, ევროპის ბევრ დედაქალაქში ლონდონს უკვე ნაჩქარევად უჭრიან უკანდასახევ გზას. „ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვითარების შემობრუნება," განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ. ამ კვირაში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს ბრიტანეთისთვის ხელის გაწოდება არც კი უცდიათ. ამგვარი სიმკაცრე ევროპაში ჩამოყალიბებულ სამ ბანაკს - ფედერალისტებს, პრაგმატიკოსებსა და ნაციონალისტებს - შორის ურთიერთქმედების შედეგია.

ფედერალისტები იმედოვნებენ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით მოიხსნა დიდი წინაღობა „დიდი ნახტომისათვის", რომელმაც შედეგად „ევროპის შეერთებულ შტატები" უნდა მოიტანოს. საფრანგეთის და გერმანიის საგარეო მინისტრები, ჟან-მარკ ერო (Jean-Marc Ayrault ) და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი (Frank-Walter Steinmeier) უკვე იღწვიან „პოლიტიკური კავშირის" გასაძლიერებლად.

ფედერალისტები თავს ევროპის ერთადერთ ჭეშმარიტ მოამაგეებად თვლიან. ისინი მიზნად ევროპული ეროვნული სახელმწიფოს ბორკილების დამსხვრევას ისახავენ და მის ნანგრევებზე ფედერალური, სახელმწიფოებრიობის ნიშნების მქონე ევროპის აშენებას იმედოვნებენ. მათი იდეოლოგიის საფუძველი და მორალური უპირატესობის საბაბი მეორე მსოფლიო ომია, რომელშიც ფედერალისტები ნაციონალიზმს ადანაშაულებენ.

პირველი ისტორიული შანსი ფედერალისტებს 1950-იან წლებში მიეცათ, როდესაც დასავლეთ ევროპაში არსებული წინააღმდეგობების გადალახვის იმედით ამერიკის შეერთებული შტატები მათ ხედვას მიემხრო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სწორედ ფედერალისტები კვებავდნენ ევროპულ ინტეგრაციას იდეებითაც და მებრძოლი სულისკვეთებითაც. ბუნებრივია, დღეს ფედერალისტებს მრავლად ნახავთ ბრუსელში, მაგრამ ამასთან გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში მათი გავლენა საგრძნობია.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე მსჯელობისას, საფრანგეთის, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მოსაზრებებსა და პოზიციაზე სწორედ ფედერალიზმის იდეოლოგია ახდენს გავლენას.

კანცლერ მერკელის კაბინეტის უმცროსი პარტნიორი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ფედერალისტურ მიდგომას იზიარებს. საგარეო მინისტრი შტაინმაიერი, ეკონომიკის მინისტრი სიგმარ გაბრიელი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე, მარტინ შულცი სწორედ სოციალ-დემოკრატები არიან და თითოეულ მათგანს აქვს ამბიცია, ანგელა მერკელს გაუწიოს მეტოქეობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. შესაბამისად, მათი პარტია ყოველმხრივ ცვილობს კანცლერ მერკელისაგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვას.

ერთადერთ ჭეშმარიტ პრო-ევროპულ პარტიად თავის წარმოჩენა ის ერთ-ერთი გზაა, რითაც სოციალ-დემოკრატები თავიანთი დაბალი, 20%-იანი რეიტინგის გაუმჯობესებას ცდილობენ. არცაა გასაკვირი, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე ეს პარტია მკაცრად საუბრობს.

ფედერალისტების ხმა ბრიტანეთის თემაზე დავისას დასავლეთ ევროპაში სხვებზე უკეთ ისმის, მაგრამ ბოლო ხანებში ევროკავშირის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში სხვაგვარმა განწყობებმა იმძლავრა - აქ პრაგმატიკოსები მოძლიერდნენ.

ისინი არც „სულ უფრო მჭიდრო კავშირის" შენებას ლამობენ და არც ევროპის შეერთებული შტატებისა. მათთვის ევროკავშირი ეროვნული სახელმწიფოებისათვის გამოსადეგი ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მათი აზრით, ძირითად გადაწყვეტილებებს ქვეყნების დედაქალაქებში და მეთაურების შეხვედრებზე უნდა იღებდნენ და არა ბრუსელში.

პრაგმატიკოსების ამოცანაა, ევროკავშირმა უზრუნველყოს ერთიანი ბაზრის მუშაობა და გამოადგეს ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაში. მათი მიზანია, საქმე გაკეთდეს. თუ როგორ და რა მეთოდებით, ამაზე მოლაპარაკება შეიძლება.

ფედერალისტებისაგან განსხვავებით, პრაგმატიკოსებს მომავლის ნათელი ხედვა არა აქვთ და დღევანდელი დღის გაუმჯობესებით კმაყოფილდებიან. პოლიტიკური მრწამსით პრაგმატიკოსები, როგორც წესი მემარჯვენე ცენტრისტები არიან, ხოლო ფედერალისტებს შორის უფრო მემარცხენე ცენტრისტები ჭარბობენ. ანგელა მერკელი ერთ-ერთი წამყვანი პრაგმატიკოსია. ევროპულ არენაზე მას მხარს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი უმაგრებს.

ბრიტანეთის რეფერენდუმზე რეაგირებისას პრაგმატიკოსებმა თავდაპირველად განაცხადეს, „მოვიცადით და ვნახავთო". მათი აზრით, ლონდონს საფიქრალად და სამოქმედოდ დრო უნდა მისცემოდა, რათა ან ევროკავშირში დარჩენის გზები მოეძიებინათ, ანდა მასთან ძალიან ახლო ურთიერთობები შეენარჩუნებინათ.

თუმცაღა, პრაგმატიკოსებმაც სიმკაცრეს მალევე უმატეს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გასვლის მომხრე პოლიტიკოსებმა განაცხდეს, ევროკავშირში წევრობის სიკეთეები უნდა შევინარჩუნოთ, ვალდებულებებისგან კი თავი უნდა დავიხსნათო. ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ტუსკმა აღნიშნა, რომ მათ „სრულიად ნათლად განაცხადეს, რომ თუ ბრიტანეთს [ევროკავშირის] ერთიან ბაზარზე ვაჭრობა სურს, მან აუცილებლად უნდა აღიაროს ოთხივე თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლების ჩათვლით. ერთიანი ბაზარი რესტორნის მენიუ არაა, რომ ცალ-ცალკე კერძები შეარჩიო".

იდეოლოგიური განსხვავებებისდა მიუხედავად, ევროპელი ლიდერები დღეს თავად ევროკავშირის ერთიანობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ბრიტანეთის დაკარგვაზე დარდობენ. სწორედ ამიტომ დგას დღეს პრაგმატიკოსი მერკელი ფედერალისტ ჰოლანდის გვერდით.

შედეგად, ბრიტანეთის რეფერენდუმის სავალალო შედეგი ევროპული პროექტის ხელახლა შესაფასებლად კი არ გამოიყენება, არამედ ევროპელ ლიდერებს ფედერალისტური ხედვის გარშემო რაზმავს.

ბრიტანეთის გადაწყვეტილებას კი ნანობენ, მაგრამ ახალი ხიდების შენებაზე ჯერ არავინ ზრუნავს. ლიდერებისთვის დღეს მთავარია, რეფერენდუმების ხიბლი კონტინენტზე სხვა ქვეყნებს არ გადაედოს.

ევროკავშირის 27 წევრის ამდენად ხისტი, თავდაცვითი რეაქციის მთავარი მიზეზი კი მესამე - ნაციონალისტების ბანაკის გაძლიერებაა.

ყველაზე მეტად, ევროპის დღევანდელი მეთაურები იმას შიშობენ, რომ ბრიტანული არჩევანი სხვა ქვეყნებს ვირუსივით მოედება. რეფერენდუმების პარადი ევროკავშირის ქვეყნებში ევროპის ლიდერებისთვის ჯოჯოხეთური სცენარია. ამიტომაც არ სურთ, ბრიტანეთი საკუთარ თავს მოწეული უბედურებიდან იოლად, მეგობრული მორიგებთ გამოძვრეს.

თუმცა, თუკი ფედერალისტემბა ბრიტანეთის წინააღმდეგ სიმკაცრეში გადაამლაშეს, შეიძლება ბრიტანეთისადმი სიმპატიით განწყობილი პრაგმატიკოსები მოიმდურონ და ამით მათ ევროკავშირის მოწინააღმდეგე ჯგუფებისაკენ უბიძგონ.

მომავალი თვეები სწორედ ამას - რამოდენიმე ცუდ არჩევანს შორის მყიფე წონასწორობის ძიებას მოხმარდება.
 
 
ულრიხ შპეკი ტრანსატლანტიკური აკადემიის უფროსი მკლვევარია

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.