6 აპრილი 2016
ანალიზი

როგორ ვებრძლოთ „მწვანე კაცუნებს“?

ავტორი: დენ ალტმანი / წყარო: War on the Rocks: The long history of green men tactics
ყირიმსა და შემდეგ უკვე უკრაინის დონბასის ოლქში გაჩაღებული ბრძოლის დროს რუსეთის ხელწერა ე.წ. „მწვანე კაცუნების" ანუ ეროვნული კუთვნილების ნიშნების გარეშე მოქმედი ჯარისკაცების (უსამკლაურო ჯარისკაცების) გამოყენება იყო. კრემლი უარყოფდა, რომ ისინი რუსი სამხედროები იყვნენ, თუმცა ამის არაპირდაპირი დადასტურება მრავლად არსებობდა.

 უკრაინა, საქართველო და ნატოს წევრი ისეთი სახელმწიფოებიც კი, როგორიც ესტონეთია დღეს შიშობენ, რომ  შეიძლება რუსეთის ამ ტაქტიკას ემსხვერპლონ. შეშფოთებულმა ნატომ ახალი კონტრზომების შემუშავებაც კი გადაწყვიტა  მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დასაცავად. 

„მწვანე კაცუნები", ანუ უსამკლაურო ჯარისკაცები, „ჰიბრიდული ომის"  მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ იმ გაურკვევლობაში ,  რომელიც ომსა და მშვიდობას შორის პერიოდს ახასიათებს. ერთი შეხედვით, ეს ტრადიციული სამხედრო ტაქტიკიდან ახალი და მახვილგონიერი გადახვევაა, კონფლიქტის წარმართვის ახალი მოდელია ოცდამეერთე საუკუნეში.
 
თუმცაღა, უსამკლაურო ჯარის გამოყენება სიახლე როდია. არც ასეთი ძალებით ტერიტორიის დაპყრობაა ახალი გამოგონება. 

ზოგადად ჰიბრიდულ ომს და კერძოდ, უსამკლაურო ძალების გამოყენებით სამხედრო ინტერვენციას დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს ისტორია არა მხოლოდ ამგვარი საფრთხის მუდმივობაზე მიანიშნებს, არამედ მათი დამარცხების გზებსაც გვასწავლის. 

უფრო ფართო კვლევის ფარგლებში მონაცემებს ვაგროვებდი ტერიტორიების მიტაცების თითოეულ ფაქტზე 1918 წლიდან დღემდე. სულ 105 ასეთი შემთხვევა მოვიძიე და მათ შორის უსამკლაურო ჯარისკაცების გამოყენებით ტერიტორიის წართმევის სულ სამი მაგალითი აღმოვაჩინე (თუ ყირიმს არ ჩავთვლით). 

1999 წელს პაკისტანის ჯარებმა ინდოეთთან „კონტროლის ხაზი" გადაკვეთეს ქაშმირის შტატის ქარგილის რეგიონში და სტრატეგიული მნიშვნელობის გზების მაკონტროლებელი სიმაღლეები დაიკავეს. რუსების მსგავსად, პაკისტანმაც უსამკლაურო ჯარისკაცები გამოიყენა, რომელთაც ის ქაშმირელ მეამბოხეებად ასაღებდა. უკრაინელებისგან განსხვავებით, ინდოელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და დიდი მსხვერპლის ფასად პაკისტანელები განდევნეს. 

ეს გამბიტი პაკისტანს არ გამოუგონია. პაკისტანის სახელმწიფო ჯერ არცკი არსებობდა, როცა ქვეყნები მსგავსი ტაქტიკით მოქმედებდნენ. 1932 წელს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პერუელებმა კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქი ლეტისია დაიკავეს . როგორც კი კოლუმბიამ თავი მოუყარა ჯარებს მათ განსადევნად, პერუს სამხედრო შენაერთებმა ღიად მისცეს მხარი ლეტისიის ამღებ ძალებს. კოლუმბიამ საპასუხოდ ფლოტი გაგზავნა, რომელიც ატლანტიკის ოკეანის გავლით ამაზონის მდინარეს აუყვა და პერუელებს შეუტია. ტერიტორიის ნაწილი ბრძოლით დაიბრუნეს, დანარჩენი კი მოლაპარაკებებით. 

საინტერესოა, რომ ამგვარ ტაქტიკას ერთხელ კინაღამ რუსეთიც ემსხვერპლა. 1919 წელს ფინელმა მოხალისეებმა, რომლებიც ფორმალურად საკუთარი ინიციატივით (თუმცა რეალურად ხელისუფლების ხელდასხმით) მოქმედებდნენ, რუსეთში კარელიის ოლქის ფინელებით დასახლებული ნაწილი დაიპყრეს იმ იმედით, რომ ამ ტერიტორიებს ფინეთს შეუერთებდნენ. თუმცა, ფინეთის მცდელობა, რუსეთში სამოქალაქო ომით გამოწვეული პოლიტიკური არეულობა სათავისოდ გამოეყენებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა. წითელმა არმიამ შეძლო ფინელების მოსაგერიებლად საკმარისი ძალების თავმოყრა. 

მიმდინარე ომში მონაწილეობისთვის უსამკლაურო ძალების გამოყენება, როგორც რუსეთმა ეს დონეცკსა და ლუგანსკში ბრძოლის დროს გააკეთა, ისტორიაში კიდევ უფრო გავრცელებული მოვლენაა. მოსკოვმა იცის, რომ მცოდნე ხალხი უსამკლაურო ძალების გამოყენებით არ მოტყუვდება, მაგრამ მაინც თვლის, რომ თავისი ჯარისკაცების მონაწილეობის უარყოფით თავიდან აიცილებს აგრესიისათვის საერთაშორისო პასუხისმგებლობას. ასე თვლიდნენ ადრეც.

კორეის ომის დროს, რუსი პილოტები მართავდნენ რუსულ თვითმფრინავებს აშშ-ს საჰაერო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად , თუმცა კი ჩინელებად ინიღბებოდნენ. ეს სპექტაკლი მას მერეც გააგრძელეს, როცა ამერიკელებმა გამართული რუსულით მათი რადიოსაუბრები მოისმინეს და  პილოტების და თვითმფრინავების წარმოშობის შესახებ ყველანაირი ეჭვი გაუქარწყლდათ

მუსოლინის იტალიამ ათიათასობით ჯარისკაცი გაგზავნა სამკლაურების გარეშე, ესპანეთის სამოქალაქო ომში ფაშისტების მხარეს „მოხალისეებად" საბრძოლველად. ამავე ომში იტალიის საზღვაო ფლოტმა თავდასხმებისთვის გემების ნაცვლად წყალქვეშა ნავები გამოიყენა, რათა მათი კუთვნილების უარყოფა შესძლებოდა. ასე, რომ უსამკლაურო, შენიღბული ძალების გამოყენება დროით ნაცადი ტაქტიკაა.
  
ამიტომაც ვამბობთ, რომ ჰიბრიდული ომის, როგორც აგრესიის ახალი და ინოვაციური ფორმის შესახებ შფოთვა უადგილოა. თუმცა, სულაც არაა სავალდებულო საფრთხე ახალი იყოს იმისთვის, რომ სახიფათო აღმოჩნდეს.

ისტორიას იმედისმომცემი გაკვეთილები აქვს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის დარად მათი ტერიტორიების მიტაცებას უფრთხიან. უსამკლაურო ძალების მეშვეობით მიღწეული წარმატება ყირიმში ისტორიულად ატიპიურია - 1918 წლიდან დღემდე შენიღბული ძალებით ტერიტორიის მიტაცების მცდელობებს თუ გადავხედავთ, ყოველ ერთ წარმატებაზე საშუალოდ სამი წარუმატებელი შემთხვევა მოდის. რუსეთის ტაქტიკამ გაამართლა ყირიმში, მაგრამ იმავე ტაქტიკამ არ გაუმართლა პაკისტანს ქარგილში, პერუს ლეტისიაში და ფინეთს კარელიაში.

თითოეულ ამ შემთხვევაში, დამხვდურები ჰიბრიდულ შეტევას ერთი და იმავე ხერხით გაუმკლავდნენ:

  • პირველ რიგში, მათ მიიღეს თავსმოხვეული ლეგენდა - რომ უსამკლაურო ძალები არ ეკუთვნოდა აგრესორ სახელმწიფოს.
  • მეორე, მათ შეკრიბეს ამ უსამკლაურო ძალების ბრძოლაში დასამარცხებლად საკმარისი ჯარები.
  • მესამე, მათ შეუტიეს უსამკლაურო ძალებს ისე, რომ გამოერიცხათ აგრესორი სახელმწიფოს ოფიციალურ ჯარებთან შეტაკება ან აგრესორის ტერიტორიაზე შეტევა, რითაც ბრძოლას ლოკალური ხასიათი შეუნარჩუნეს.

ბრძოლის ველზე (თუმცა არა საჯარო გამოსვლებში) ორივე მხარე ისე იქცეოდა, თითქოს მიმდინარე კონფლიქტი არ ყოფილიყო საგარეო აგრესია. ინდოეთი იმდენად ფრთხილობდა ამ მხრივ, რომ ქარგილის დასაბრუნებელი ოპერაციისას საბრძოლო გაფრენებს აუქმებდა, თუკი სამიზნის მისაღწევად მის თვითმფრინავება პაკისტანის ტერიტორიაზე გადაფრენა მოუწევდათ.

„მწვანე კაცუნების" წარმატებით მოგერიების თითოეულ შემთხვევაში დამხდურმა მხარემ საკმარისი ჯარი გამოიყვანა შემოჭრილი უსამკლაურო ძალების ღია ბრძოლაში დასამარცხებლად. ამან აგრესორი რთული არჩევანის წინაშე დააყენა: ან ღიად ჩართულიყო ომში ოპერაციის გადასარჩენად (როგორც ეს პერუმ სცადა) ან ეღიარებინა, რომ შეტევა ჩაიშალა და ბრძოლის ველიდან გაერიდებინა უსამკლაურო ჯარისკაცები (რაზეც პაკისტანმა და ფინეთმა შეაჩერეს არჩევანი). დამცველების ამოცანა იყო, მიეღოთ აგრესორის შეთავაზებულ თამაშის წესები და ეიძულებინათ ის, უკანდახევა აერჩია.
 
ბუნებრივია, ჰიბრიდული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ამგვარი სტრატეგია სარისკოა: აგრესორმა შეიძლება უკანდახევას მთელი ძალებით შეტევა ამჯობინოს. მაგრამ უსამკლაურო აგრესიის უპასუხოდ დატოვებაც თანაბრად სახიფათოა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეული სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, უპასუხოს თუ არა ჰიბრიდულ შეტევას; მაგრამ თუკი ერი წინააღმდეგობის გაწევას აირჩევს, საუკეთესო სტრატეგია უსამკლაურო ჯარისკაცებთან ბრძოლაში ჩართვაა.
 
როცა ესტონეთის გენშტაბის უფროსს, რიჰო ტერრასს ჰკითხეს, რუსეთიდან გადმოსულ „მწვანე კაცუნებს" როგორ დაუპირისპირდებოდიო, მან მარტივად უპასუხა: „როგორც კი გამოჩნდებიან, პირველივეს ვესვრიო". მავანი იტყვის, ამ ამპარტავან დავითს რუსული გოლიათი თვალში ეპატარავებაო, მაგრამ გენერლის მიდგომის ეფექტურობას ისტორიული გამოცდილებაც ამართლებს და სტრატეგიული ლოგიკაც ამყარებს.
 
იმისათვის, რომ ჰიბრიდული შეტევის საწინაარმდეგო სტრატეგია წარმატებული გამოდგეს, დამხვდურს საკმარისი სამხედრო ძალა უნდა გააჩნდეს აგრესორთან თავდაპირველ შეტაკებაში გასამარჯვებლად, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებად იქნება შენიღბული. სწორედ ასეთ ბრძლაში გასამარჯვებელი ძალების არქონამ შეუქმნა უკრაინას ამდენი პრობლემა ჰიბრიდულ ომში. 

სანამ უკრაინა იმდენად არ გააძლიერებს სამხედრო ძალებს, რომ რუსეთი აიძულოს, ჩამოიხსნას კონფლიქტში ჩაურევლობის ნიღაბი (თუნდაც საჰაერო ძალების გამოყენებით), ის დამარცხდება ჰიბრიდულ ომში. აქ ზუსტადაც რომ უკრაინის შესაძლებლობებს აქვს მნიშვნელობა და არა ამერიკის შეერთებული შტატების ანდა ნატოსი. რადგან ჰიბრიდულ ბრძოლაში გასამარჯვებლად სასურველია შიდა კონფლიქტის შირმის შენარჩუნება, უსამკლაურო ძალების დამარცხება სწორედ იმ სახელმწიფოს სამხედრო ძალების ამოცანაა, რომელსაც თავს დაესხნენ და არა მისი მოკავშირეების.    

უკრაინა, საქართველო, ესტონეთი და რუსეთის სხვა მეზობლები არასდროს იქნებიან საკმარისად ძლიერები იმისათვის, რომ რუსეთის ჯარი საკუთარი ძალებით დაამარცხონ, მაგრამ მათი სიძლიერე ამ საწყაულით არ იზომება. 

ჰიბრიდული საფრთხის ასარიდებლად ამ ქვეყნებს მხოლოდ იმ საკმაოდ მცირე ძალასთან გამკლავება დასჭირდებათ, რომელზეც რუსეთი პირდაპირ პასუხისმგებლობას უარყოფს. როგორც კი რუსეთს ეს ვარიანტი ხელიდან გამოეცლება, მათ ორი არჩევანი ექნებათ - ან ღიად ჩაერთონ ომში, ან აღიარონ ბრძოლამდე არსებული მდგომარეობა. ამ პირობებში, თავდაცვაში მყოფი მხარის ამოცანა სამხედრო შეკავების კლასიკურ პრობლემად გადაიქცევა, ჰიბრიდული ომის საფრთხე კი მოიხსნება. 

დენ ალტმანი დარტმურის კოლეჯის საერთაშორისო შემეცნების ცენტრის პოსტ-დოქტორანტია აშშ საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. 

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.