19 January 2016
analysis

Where is Poland Headed?

Author: Jaba Devdariani / Source:

ჩვენს ევროპელ მეგობარს რთული დღეები უდგას

ევროკომისიამ 13 იანვარს გამოაცხადა, პოლონეთის კანონების დემოკრატიულობას შევისწავლითო. ბრუსელს პოლონეთის ახალი მთავრობის მიღებული კანონები აშფოთებს. კრიტიკოსების თქმით, ისინი საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მას-მედიას მმართველ პარტიას უქვემდებარებს. „კანონიერების მექანიზმის" გამოყენება ნიშნავს, რომ ბრუსელის აზრით ეს ნაბიჯები ევროკავშირის ღირებულებებს „სისტემურად ემუქრება".

თანა-თავმჯდომარე ფრანს ტიმერმანსის (Frans Timmermans) თქმით, ევროკომისია პირველად აამოქმედებს ევროკავშირის „კანონიერების მექანიზმს" და მისი წესებისამებრ პოლონეთის რიგი კანონების შეფასებას შეუდგება.

ახალი ცოცხი ვარშავას ჰგვის

2015 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში „კანონისა და სამართლიანობის" პარტიამ „სამოქალაქო პლატფორმა" დაამარცხა და პოლონეთის სეიმში ხმოსანთა გადამწყვეტი უმრავლესობა მოიპოვა. პრეზიდენტადაც 2015 წლის აგვისტოდან ამავე პარტიის კაცი, ანდრჟეი დუდა (Andrzej Duda) ზის. ხალხის მხარდაჭერით გულმოცემულმა ახალმა მთავრობამ განაცხადა, ქვეყანა საფუძვლიან ცვლილებას ითხოვსო და წყალობით ახალი კანონების მიღებას გულდასმით შეუდგა.

პირველ რიგში, ახალმიღებული კანონებით „კანონისა და სამართლიანობის" პარტიამ საკონსტიტუციო ტრიბუნალში წინამორბედი მთავრობის დანიშნულ მოსამართლეებს გზა გადაუღობა და სამაგიეროდ თავისი მოსამართლეები დანიშნა. მეტიც, პარლამენტის მიღებული კანონების შესაჩერებლად საკონსტიტუციო ტრიბუნალს მოსამართლეების ნახევრის ნაცვლად, ორი-მესამედის თანხმობა დაუწესეს. კრიტიკოსები ამბობდნენ, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ტრიბუნალი დაასაჭურისა და ამიერიდან პარლამენტში უპირატესობის წყალობით ქვეყნის მმართველობას თავის ნებაზე მოირგებსო.

ისე აგიხდეთ ყველაფერი: ცოტა ხანში საჯარო ტელევიზიასა და რადიოსაც (TVP) ახალი კანონები მოარგეს, დამოუკიდებელი საბჭოს ნაცვლად მინისტრს დაუქვემდებარეს, წინა მთავრობის დანიშნული ხელმძღვანელები დაითხოვეს და ნაცვლად მმართველი პარტიის ამხანაგები დასვეს. პრემიერ ბეატა შიდლოს (Beata Szydlo) თქმით, რიგში პოლიციისა და პროკურატურის შესახებ კანონებია.

ბრუსელის რისხვა და ვარშავის უმეხი პასუხი

„კანონისა და სამართლიანობის" თავდაჯერებულობა ბრუსელში თავგასულობად ჩაითვალა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც განარისხა. ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე პასუხისმგებელმა გერმანელმა ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა (Guenther Oettinger) განაცხადა, პოლონეთის მთავრობა ევროპულ ღირებულებებს ებრძვისო და ევროკავშირს პოლონეთის მას-მედიის კანონებზე ზედამხედველობისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე გერმანელმა მარტინ შულცმა (Martin Schulz) კიდევ უფრო შორს შესტოპა და ვარშავაში „მცოცავ სახელმწიფო გადატრიალებაზე" და „ევროპული პოლიტიკის სახიფათო პუტინიზაციაზე" ისაუბრა.

გერმანელების ყოფნა ახალი მთავრობის მგმობელთა წინა ხაზზე ცხადია ვარშავაშიც შენიშნეს და მიზანში ამოიღეს. პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნიევ ზიობრიომ (Zbignew Ziobrio) ოტინგერს ღია წერილით უპასუხა (პოლონურად! https://www.reddit.com/r/europe/comments/408an8/open_letter_from_polish_minister_of_justice_to_ue/) და მკვახე სიტყვებიც არ დაიშურა. ჯერ იმით დაიწყო, ჩვენში მედიის გამოგონილ შეზღუდვაზე საუბარს გირჩევნიათ, გერმანიაში პრესის ცენზურას მიხედოთო. მერე კი გაბრაზებულ გულზე ისიც დაამატა, გერმანელების ბოლო „ზედამხედველობა" პოლონეთზე მწარედ გვახსოვსო.

პოლონელი ლიდერებს ბრუსელის მიმართ უკმეხობა ჩვევად ექცათ. მაგალითად, პოლონელმა პრემიერმა ჰოლანდიელ ევროკომისარ ტიმერმანსს მიუგო, საკონსტიტუციო სასამართლო ჰოლანდიაში არა გაქვთ და ჩვენ ჭკუას რატომ გვარიგებთო. ნათქვამს ისიც დაუმატა, ტიმერმანსი არავის აურჩევია, ამდენად „ლეგიტიმური თანამოსაუბრე" არაა, თანაც წინა მთავრობას ემეგობრება და იმიტომაც არ მოვდივართ თვალშიო.

ეჭვის თვალით ევროპის მიმართ

„კანონისა და სამართლიანობის" მთავრობა ბრუსელს უბრალო თავქარიანობის ან სიფიცხის გამო როდი ეჭიდება: მათ შორის წინააღმდეგობას ღრმა საფუძველი აქვს.

პოლონეთის საგარეო მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის (Witold Waszczykowski) გერმანულ გაზეთ „ბილდ"-ისთვის ასე უთქვამს (http://www.politico.eu/article/poland-nato-bases-germany-pis-waszczykowski-commission/): „პოლონელებისთვის მთავარია...ტრადიციები, ისტორიის შეგნება, ქვეყნის სიყვარული, ღმერთის რწმენა და ნორმალური საოჯახო ცხოვრება ქალსა და მამაკაცს შორის". თავისი მთავრობის ამოცანა კი ასე აუხსნია: „ჩვენ ქვეყნის რამოდენიმე ავადმყოფობისაგან განკურნება გვსურს"-ო, თანაც ჩამოუთვლია მათ შორის „კულტურებისა და რასებს შორის აღრევა", „ველოსიპედისტებისა და ვეგეტარიანელების მსოფლიო", „განახლებადი ენერგეტიკის მოყვარულები" და „[ქრისტიანული] რელიგიის წინააღმდეგ მებრძოლები."

ამგვარი გესლიანი საუბრით განსაკუთრებით პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი (Jarosław Kaczyński) გამოირჩევა. მუსლიმ იმიგრანტებზე ლაპარაკისას კაჩინსკის ზიზღით უთქვამს, მათ „პარაზიტები და ავადმყოფობა" შემოაქვთ ევროპაში, თანაც „მათ ორგანიზმს არ ემუქრება, მაგრამ ჩვენთვის სახიფათოაო." ამგვარ ტყუილიც უკადრებია და დაუმატებია, მუსლიმებმა შვედეთში შარიათის კანონები შემოიღეს, იტალიაში კი ეკლესიები დაიკავეს და ტუალეტებად იყენებენო. ამგვარი უგვანო გამონათქვამების გამო ევროპაში კაჩინსკის სათოფეზე არ იკარებენ. ამიტომაც თავისი პარტიის გამარჯვების შემდეგ პრემიერის სავარძელზე უარი თქვა და უფრო მოზომილი ლაპარაკის მცოდნე ბეატა შიდლოს დაუთმო.

„კანონი და სამართლიანობის" მკვეთრად ნაციონალისტური, პატრიოტული და კათოლიკური მსოფლმხედველობა ევროკავშირისათვის ძვირფას, გახსნილობისა და შემწყნარებლობის ღირებულებებს რთულად ეხამება. ასე, რომ, როცა პოლონეთის მმართველი პარტია „ევროპასთან ღირებულებათა ერთობაზე" დაძრავს სიტყვას, ბრუსელში მათი არ სჯერათ და არც მათი გამონათქვამების ლოგიკისა ესმით რამე.

ზიზღით რუსეთის მიმართ

კაჩინსკის და მის ამხანაგებს შეიძლება ბრუსელი და ბერლინი დიდად გულზე არ ეხატებოდეთ, მაგრამ მათი პირადი ზიზღის მთავარი სამიზნე მოსკოვი და რუსეთია. იაროსლავი პოლონური და რუსული გამოძიების შედეგებს არ ენდობა და სჯერა, რომ მისი ტყუპი ძმის, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სხვა ლიდერების ტრაგიკულ დაღუპვაში 2010 წელს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში რუსების ხელი ურევია. ახალი მთავრობა რუსეთს დაჟინებით თხოვს თვითმფრინავის ნამსხვრევების გადმოცემას და ახალ გამოძიებას აპირებს.

სხვათა შორის, დამარცხებული „სამოქალაქო პლატფორმის" მიმართ კაჩინსკის გაბრაზებაც ნაწილობრივ ამ ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდება. „კანონისა და სამართლიანობის" ლიდერებს არაერთხელ მიუნიშნებიათ, წინა მთავრობა რუსებს საჰაერო კატასტროფის ნამდვილი მიზეზების მიჩქმალვაში დაეხმარაო.

რუსეთის შიშით, კაჩინსკი პოლონეთში ნატოს მუდმივი ბაზების გამართვას ითხოვს და ამ მიზნით თავის მთავარ მეგობრად დიდი ბრიტანეთი ეგულება. ევროკავშირის მიმართ გულგაციებული ლონდონი ვარშავის ამჟამინდელ პატრონებს ბუნებრივ თანამოაზრედ მიაჩნიათ, თუმცაღა ბრიტანეთის მთავრობა პოლონეთთან დაახლოებას ჯერჯერობით ერიდება.

ჩვენი სამრეკლოდან: როგორი პოლონეთი გვარგია?

პოლონეთი ევროპის აღმოსავლეთით ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა და თუნდაც ამითაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ვარშავის გავლენა ევროპაში მხოლოდ ზომა-წონას არ ეფუძნება. ლეხ ვალენსამ და „სოლიდარობის" მოძრაობამ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტების ბატონობას საფუძველი პირველებმა შეურყიეს, თანაც სისხლისღვრის გარეშე. კომუნისტი ლიდერების მოშორების შემდეგ, პოლონეთმა სწრაფი და მტკივნეული ცვლილებებით ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის გაჯანსაღება შეძლო, დემოკრატიული მმართველობა დაამკვირდა და ყველაფერი ამით ევროპულ დედაქალაქებში პატივისცემა მოიპოვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ პატივისცემას გამოცდილებაც დაემატა და ევროკავშირსა თუ ნატოში ვარშავამ ნამდვილი გავლენა მოიპოვა.

მსოფლიო ომებში დიდი სახელმწიფოებს შორის მიერ ბევრჯერ გაჭყლეტილი პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლას ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებოდა და ევროკავშირშიც და ნატოშიც ჩვენს საიმედო მეგობრად იქცა. ლეხ კაჩინსკის ჩამოსვლა რუსეთთან ომის დროს, 2008 წლის აგვისტო-სექტემბრის თბილისში ყველას გვახსოვს. მისი დაღუპვის შემდეგ, მომდევნო მთავრობამაც მეგობრული ხელი გამოგვიწოდა და ევროკავშირის „აღმოსავლეთის სამეზობლოს პოლიტიკის" ფარგლებში საიმედოდ გვერდზე დაგვიდგა. ზოგჯერ ჩვენივე ბედოვლათობით, ზოგჯერ კი დასავლეთის დედაქალაქების უყურადღებობით გაფუჭებულ საქმეებშიც ვარშავა საქართველოს სახელით იბრძოდა, თავდებად გვიდგებოდა და გვიცავდა.

რატომ ახერხებდა პოლონეთი ჩვენს დახმარებას? იმიტომ, რომ მის ლიდერებს ენდობოდნენ და ყურს უგდებდნენ. სადაც ქართულ დიპლომატიას ფეხის მოკიდება და სიტყვის ჩაგდება უჭირდა - პარიზსა თუ ბერლინში - ვარშავის სიტყვა უფრო ჭრიდა ხოლმე.

ევროპისგან გარიყული, ბერლინთან დაპირისპირებული პოლონეთი საქართველოსთვის ცუდი ამბავია, შესუსტებული საყრდენია.

ისღა დაგვრჩენია, მეგობრებს ვუსურვოთ, რისხვა მოთოკონ და თავისი მომავლის შენებას კვლავაც გულდასმით და მშვიდად მიჰყვნენ. ევროპის წილი და წევრი პოლონეთი ჩვენთვისაც იმედია.

Sign up for our newsletter and be the first to know everything. It’s as simple as that.

Send news to email adress.

You Successfully Sign up for Our Newsletter.

Your message has been sent successfully.

News has been sent successfully.